გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი: საუბედუროდ, პუტინს სხვებზე უკეთ ვიცნობ

18-03-2019

აშშ-ის პოპულარულ გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატია, რომელშიც ავტორის მიერ დასახელებულია რუსეთის მიერ მიზანში ამოღებული ქვეყნები, ანუ ის სახელმწიფოები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, თავდასხმას განახორციელებს. სააკაშვილი თვლის, რომ ეს ქვეყნები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები კი არ იქნებიან, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოები, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი თავის „უკანა ეზოდ“ მიიჩნევს, ტერიტორიების დაპყრობა არასოდეს არ დამთავრებულა. რუსეთის პრეზიდენტის მიზანი დღეს იგივეა, რაც იყო მაშინ, როდესაც ის ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა 2008 წელს... როდესაც რუსეთის მოსახლეობაში ვლადიმერ პუტინის პოპულარობა ეცემა, [რეიტინგის გაზრდის მიზნით] იგი ან მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციას ახდენს, ან იწყებს ახალ თავდასხმას.


და აშკარაა, რომ იგი ამას ახერხებს; ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას მართავს თითქმის ოცი წლის განმავლობაში და კონტროლს იმ მომენტში ამკაცრებს ხოლმე, როცა რუსეთი კრიზისს განიცდის. რიგითი რუსი ამომრჩეველი ცდილობს როგორმე 200 დოლარიანი პენსიით იცხოვროს, მაგრამ იმავდროულად ვლადიმერ პუტინის ბევრი მხარდამჭერი ამაყობს იმით, რომ ისინი ზესახელმწიფოს მოქალაქეები არიან. ვლადიმერ პუტინის მოქმედება პროგნოზირებადიცაა და ლოგიკურიც: მან იცის, რომ უფრო სუსტი მეზობლის დაპყრობას უფრო იაფი და სწრაფი რეიტინგი მოაქვს, ვიდრე ვთქვათ, რუსეთის დასამარების პირას მყოფი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას. შემთხვევითი არაა, რომ პუტინის მოწონების რეიტინგმა პიკს 2015 წელს მიაღწია, ყირიმის ანექსიის შემდეგ. მოგვიანებით, იმავე წელს, როცა რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რუსული პატრიოტიზმის განმტკიცება სირიაში ინტერვენციით მოხდა.


ჩემდა საუბედუროდ, მქონდა მომენტი ვლადიმერ პუტინი სხვებზე უკეთ გამეცნო. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე რუსული ესკალაციის სხვა მიმართულებებს ვხედავ.


ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამიზნე ახლო მომავალში ფინეთი ან შვედეთი გახდეს. ორივე ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. ნატოს არაწევრ სახელმწიფოებზე თავდასხმით ვლადიმერ პუტინი არ რისკავს პროპორციულ პასუხს, ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად. მაგრამ ევროპული ქვეყნების სამიზნეებად ამორჩევით იგი შეიძლება ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლებისგან, თავისი ნაბიჯის საზოგადოებრივ მოწონებას ელოდება, - იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც გამარჯვება სწყურიათ. ასეთ ძალისმიერ „ინვესტიციებს“ რუსეთისათვის დივიდენდები არაერთხელ მოუტანიათ. ფინეთი და შვედეთი სრულად აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.


მე არ ველოდები, რომ რუსული ტანკები წინააღმდეგობის გარეშე შევლენ ჰელსინკში ან სტოკჰოლმში... მაგრამ მოსკოვისთვის საგრძნობლად მარტივი იქნება დაიკავოს მიწა ამ ქვეყნების არქტიკულ ანკლავში ან რომელიმე პატარა კუნძული, ვთქვათ, გოტლანდი. და მართლაც - იმ სამხედრო-სტრატეგიული პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა თავის ჩრდილოეთ ფლანგზე შექმნა, აბა ვინ წავა საბრძოლველად ბალტიის ზღვაში მდებარე შვედეთის ერთი გაყინული კუნძულის ან ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტუნდრისათვის? ნატო წავა? არა, მაგრამ ვლადიმერ პუტინი წავა - იმიტომ, რომ მისთვის ფსონი მაღალია.


რუსეთის აგრესია სკანდინავიურ ტერიტორიაზე - ქვეყნებზე, რომელსაც დასავლეთში ყველა დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს - შესაძლოა არასერიოზულ იდეად ჩანდეს, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინათ პუტინის მიერ ყირიმის ანექსიაც, რაც მე ვიწინასწარმეტყველე, თვით რუსი ქორებისთვისაც კი მოულოდნელ, უჩვეულო „განკითხვის დღის სცენარად“ იქცა. რამდენიმე წლით ადრე რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრასაც, ჩემი დაჟინებული გაფრთხილების მიუხედავად, მსოფლიომ ასევე ანაზდეულად, მოულოდნელად აღიქვა.


ბევრი ფიქრობს, რომ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები, მაშინაც კი, როცა ისინი NATO-ს წევრები არიან, როგორც ეს ესტონეთის შემთხვევაშია, დასავლურ ქვეყნებს არ წარმოადგენენ. ეს აღქმა შესაძლოა არასწორია, მაგრამ პოლიტიკაში ხშირად აღქმას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე რეალობას. ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში კი აღქმა და რეალობა ერთმანეთს ემთხვევა. ისინი არ არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და შესაბამისად, უდავოდ დასავლეთის ნაწილი არიან.


„საქართველოდან დაწყებული, უკრაინით, სირიით და სხვა სახელმწიფოებით დამთავრებული, ვლადიმერ პუტინის ტრაექტორია ნათელია. დასავლეთის მიერ დაწესებული ნორმების დარღვევით იგი თანდათან უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს დგამს და შეზღუდვებისაგან თავისუფლდება. თუმცა საბოლოოდ მისი ასეთი მოქმედება მაშინ დასრულდება, როცა იგი უშუალოდ დასავლეთის წინააღმდეგ გამოვა. ეს შესაძლოა შოკისმომგვრელი ჩანდეს, მაგრამ პუტინმა მსოფლიოს ბევრჯერ მოჰგვარა შოკი. ამიტომაც დასავლეთმა ეს არ უნდა დაუშვას“.




წყარო: «Foreign policy» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930