გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა

19-03-2019

ევროკომისართან და მის გუნდთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია , რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კერძოდ კი რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა.


"ამ ურთიერთობების დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულ შეხვედრას, გასული წლის 21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა ფორმატი, როდესაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში ევროკომისრებთან ერთად განგვეხილა დამატებითი პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ რამდენიმე წელია, ვსარგებლობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და კარგი შედეგები.
მე პირველ რიგში, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ დინამიკაზე, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ ევროკავშირია საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის ბაზარზე და ამავე დროს ფართოვდება საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე და ისინი თავიანთ პროდუქციას ყიდიან წარწერით – Made in Georgia, რაც განსაკუთრებით საამაყოა.


"მინდა, თითოეულ ამ კომპანიას მადლობა გადავუხადო. ჩვენს მეწარმეებს ეზრდებათ მოტივაცია, რათა აწარმოონ ევროპული ხარისხის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ევროკავშირის ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე ევროპულ ბაზარზე შეგვიძლია გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი. ამასთან ერთად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე, რომლის გატანასაც შევძლებთ სამომავლოდ ევროპის ბაზარზე. ევროკომისიის დახმარებით, შევიმუშავეთ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიდგომა, რომ გვქონდეს ჩვენი ექსპორტის განვითარების არა მხოლოდ ზოგადი სტრატეგია, არამედ ამავე დროს, სამოქმედო გეგმა თითოეული პროდუქტის მიხედვით. მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც იჩენს ევროკავშირი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მიმართულებით, მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება "უნარების განვითარების მხარდაჭერაზე", რომლის ფარგლებშიც, საქართველო მიიღებს ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას. ჩვენი მოსახლეობის დასაქმება, ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის ის მოკლე გზა, ამ გამოწვევის დაძლევისკენ. შესაბამისად, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც იცით, რომ პროფესიულ განათლებას აქვს განსაკუთრებული ადგილი", – განაცხადა ბახტაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031