20-03-2019
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.
პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ითვლება: მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება პრინციპი, რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანონპროექტით დადგენილი წესით ვერ მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შევსება, 1 თვის ვადაში ხელახლა იწყება შერჩევის პროცედურა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატების წარდგენა, ვინც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობას, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.
13-01-2025