22-03-2019
19-21 ივლისს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ესტუმრა და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა. ვიზიტის მიზანს შავი ზღვის ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და რეგიონალური თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პარლამენტის აპარატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები გამოიკვეთა. გივი მიქანაძემ რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებს შესთავაზა მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან თანამშრომლობით დაგეგმილ ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. კონფერენციის მიზნად განისაზღვრა შავი ზღვის რეგიონის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის რეგიონულ დონეზე სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული აქტივობების განხილვა.
მხარეები შეთანხმდნენ, ახლო მომავალში, საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, გააგრძელონ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. ყველა პარტნიორი მიესალმა საქართველოს პარლამენტის აპარატთან ორმხრივი თანამშრომლობის დაწყებას და რეგიონალურ ჭრილში თანამშრომლობის სურვილს.
13-01-2025