გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩუგოშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმზე: ზოგჯერ სიტყვა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი საქმე

26-03-2019

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და USAID-PROLoG-ის ორგანიზებით ქალთა გაძლიერების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა.


თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ქალების რაოდენობა პოლიტიკაში და განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ძალიან დაბალია.


„საქართველოს პარლამენტში გვყავს მხოლოდ 15% ქალი. კიდევ უფრო ნაკლებია, სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. ეს ძალიან გვაწუხებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალები არიან და შესაბამისად, მათი წარმომადგენლობა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ პოლიტიკა არის სხვანაირი, როდესაც ქალები და კაცები თანაბრად არიან წარმოდგენილნი. ეს არ არის ვარაუდები, ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა, რომელიც დამტკიცებული აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას სხვადასხვა კვლევებით. ქალები, ერთი მხრივ, ბევრად უფრო კეთილსინდისიერად იქცევიან პოლიტიკაში, ნაკლებად ეხვევიან კორუფციასა და კლანურობაში, ნაკლებად ხდებიან ისეთი პროცესების მონაწილეები, რომლებიც დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ხშირად ძალიან უხერხულს ხდის ხოლმე თავად პოლიტიკურ პროცესს. ასეთი ტერმინიც კი არსებობს, რომ პოლიტიკა ბინძურია და შესაბამისად, მასში სუფთა ადამიანებს გარევა არ უნდათ. პოლიტიკის ეს იმიჯი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ წილად შეიცვლებოდა მოსახლეობის ნახევარზე მეტს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს თანაბრად იყოს წარმოდგენილი. ყველაფერი ამტკიცებს, რომ სადაც თანასწორობაა, იქ არსებობს უფრო მეტი ეფექტურობა, უკეთესი იდეებიც და უფრო კეთილსინდისიერი საქმიანობაც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


მისივე თქმით, საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ქალებს ეხებათ, რომლებთან შეხებაც ქალებს უფრო მეტად უწევთ და შესაბამისად, პასუხისმგებლობის აღებაც, არ შეიძლება გადაწყვეტილებას იღებდნენ ისინი, ვინც ბევრად უფრო ნაკლებად აღიქვამს ამ პრობლემების სიმწვავეს.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ქალთა გაძლიერების ფორუმის მთავარი მიზანია მოახდინოს ადამიანების წახალისება და ინსპირირება.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო პარლამენტში ძალიან აქტიურია და ცდილობს, რომ რაც შეიძლება ერთი მოწვევის ფარგლებში გაკეთდეს, ყველაფერი გააკეთოს და რაც მთავარია, ამ ყველაფერზე ისაუბროს.

„შეიძლება უკეთესი კანონმდებლობის მიღება, შეიძლება მთავრობის წახალისება, რომ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგას, შეიძლება საზოგადოების ინფორმირება, გოგოებისთვის სტიმულის და ინსპირაციის მიცემა, ქალებისთვის იმ განცდის გაჩენა, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მათ ხელს შეუწყობენ, დაიცავენ, თუ ისინი ხვდებიან შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი. და რაც მთავარია, შეიძლება ამ ყველაფერზე საუბარი.

ზოგჯერ სიტყვა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი საქმე და მე მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ თემაზე საუბარი საქმეა იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ცნობიერების ამაღლება და სწორი დამოკიდებულებების გაჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მითუმეტეს, ჩვენ ამაყად ვამბობთ, რომ იმ ქვეყანას წარმოვადგენთ, რომელსაც 100 წლის არა თუ ქალებისთვის უფლებები ჰქონდა გარანტირებული, არამედ ქალები პარლამენტში ჰყავდა და ისინი ძალიან შთამბეჭდავები იყვნენ და ყველა მათგანმა ამის გამო სიცოცხლე გაწირა“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს საფუძველი რითიც შეუძლია იამაყოს, მაგრამ ასევე აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელზეც, პირველ რიგში, აუცილებელია საუბარი და თუ მოხდება მათი აღიარება, ძალიან მარტივად გამოჩნდება მათი გადაჭრის გზებიც.


თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებენ, აისახებოდეს ადამიანების ცხოვრებაზე, აისახებოდეს ქალების ცხოვრებაზე და პირველ რიგში აისახებოდეს იმგვარად, რომ მათი მობილიზება მოხდეს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.


„ვერავინ მოუგვარებს ქალებს ამ პრობლემებს და ვერავინ დაუმარცხებს მათ ამ სტერეოტიპებს, თუ ვერ დავინახეთ ისინი, პირველ რიგში სრულფასოვნად. როგორც კი დავინახავთ და აღვიქვამთ ამ სტერეოტიპებს, ბევრად უფრო მარტივი ხდება მათთან გამკლავება.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც USAID-PROLoG-ის, ასევე სხვა პროექტებიდან, რომლებიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ არის დაფინანსებული და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის და ასევე, მთლიანად საელჩოს მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვიღებთ და ძალიან დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ასევე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.


„ქალებისთვის თანასწორი წინსვლის შესაძლებლობა, რომლებიც მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ, არა მხოლოდ სამართლიანია, არამედ უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისათვის“,-განაცხადა როს უილსონმა.


აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, თავის გამოსვლაში, ისაუბრა გენდერული ბარიერების გადალახვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საზოგადოების როლზე.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ ზომებს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო შესაძლებლობები და თანასწორობა ყველასათვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალების და გოგონების გაძლიერებას, რათა მათ სრულყოფილად მიიღობ მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ,- აღნიშნა როს უილსონმა.

ფორუმის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილემ მოდერაცია გაუწია სესიას თემაზე: „ქალთა როლი სოციალურ დ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათი წვლილი და პირადი ისტორიები - პარლმენტის, მთავრობის, სასამართლოს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ლიდერი ქალები“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930