გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ს 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოვიდა

1-02-2018


 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერ ნინო გონგაძესთან ერთად საზოგადოებას მონეტა წარუდგინა.

 

"მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთი საინტერესო პროექტის წარმატებული შედეგი - საკოლექციო მონეტა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მივუძღვენით.

 

ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი  პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო  მთელს ამიერკავკასიაში და მის დამაარსებელ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იყო განათლების, პროგრესისა და  ევროპული ღირებულებების სიმბოლო. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს და ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

 

"2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. თსუ დღესაც პირველია ბევრი მაჩვენებლით: რეგიონში პირველია კვლევების, იმპაქტფაქტორიან გამოცემებში პუბლიკაციების მიხედვით. თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2 %-ში შედის (/The U.S. News&World Report - Best Global Universities Ranking/ (2017 .). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასი წლის მანძილზე 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ეს თარიღი მნიშვნელოვანია არამარტო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტელებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან უნივერსიტეტის დაარსება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და წინაპირობა იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალაზრისით.

 

მოხარულები ვართ, რომ ამ თარიღს უკავშირდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ გამორჩეული დიზაინის 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა", - განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და დიზაინის  ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 - იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა  დღეიდან, პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

 

 

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. მონეტაზე  გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც ვხვდებით მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ასევე დატანილია წარწერა "ხუთი ლარი".

 

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დატანილია წარწერები - "საქართველო", "GEORGIA",  "1918“ , „2018" და "5 ".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930