გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: სხვადასხვა ძალების განცხადებები, თითქოს საქართველო გაქრა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან, სრული უპასუხისმგებლობა და ტყუილია

28-03-2019

სხვადასხვა უპასუხისმგებლო ძალების განცხადებები, თითქოს საქართველო გაქრა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან, არის სრული უპასუხისმგებლობა და ტყუილი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა მედიას გააცნო გასული დღეების განმავლობაში მიმდინარე აქტივობები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას უკავშირდება. 


„საქართველოს სტუმრობდა ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მისი ვიზიტი გახლდათ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენი ერის მისწრაფებებს, რეფორმათა პაკეტს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ ალიანსში გაწევრიანების გზაზე და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში. გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც გვაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამის პარალელურად ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი "ფეიქ ნიუსები" უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, თითქოს საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღეს წესრიგში და თითქოს ჩვენ გავქრით რადარებიდან. მე არ ვაპირებ გავაკეთო ამ განცხადების სერიოზული შეფასება. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო რამდენიმე დღის ქრონოლოგია. საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო სწავლებებს და ეს არის პირველი შემთხვევა ნატოს პრაქტიკაში, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანას მიეცა უფლება, უხელმძღვანელოს ასეთ სწავლებებს და ის იყოს ხელმძღვანელი დაგეგმვის პროცესიდან მის აღსრულებამდე. პარალელურად, საქართველოს ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი და ეს არის კომიტეტის რიგით მესამე ვიზიტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ძლიერი და მზარდი თანამშრომლობის გზაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ძლიერი გზავნილები გაკეთდა საქართველოს მისამართით ბრიუსელშიც, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.


„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები და ამავე დროს დავგეგმეთ ახალი ნაბიჯები, რომ კოორდინაცია კიდევ უფრო ავამაღლოთ. მათ შორის განხილული იყო ის ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილია ასევე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება შავი ზღვა, შავი ზღვის აუზი და საუბარი იქნება საქართველოზე, მის ადგილზე და როლზე ნატოსთან პარტნიორობაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


მთავრობის მეთაური ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ორი წლისთავსაც გამოეხმაურა და ის საქართველოს ისტორიული გამარჯვებად შეაფასა. 


პრემიერის განცხადებით, დღეს სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანი შეფასებები გაკეთდება. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ კონგრესში გაკეთებული ძლიერი გზავნილებისათვის.


„მე ჩამოვთვალე რამდენიმე დღის ქრონოლოგია, რომელიც ეხებოდა ჩვენს საგარეო პოლიტიკას და საერთაშორისო მისწრაფებებს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ როგორ მოქმედებს სიცრუის მანქანა, ე.წ. "ფეიქ ნიუსები". რაზეც მე ვისაუბრე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველაფერზე, ნებისმიერ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ჯანსაღად შეაფასებს ასეთი უპასუხისმგებლო ძალების განცხადებებს, რომლებიც ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ერთგულნი არიან ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების, რომ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ამასთან ერთად აკეთებენ ასეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, თითქოს საქართველო გაქრა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ტყუილი. საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. საქართველო ევროპულ ოჯახთან არასოდეს ყოფილა ასე ახლოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. ეს არის კონკრეტული ფაქტები და ამას ყველა უნდა შეეგუოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930