1-02-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბაზე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, წყლიდან 5 ერთეული 100 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ამოღებული ბადეები დაილუქა. ბადეში გაბმული თევზები, დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბინადრო გარემოში დააბრუნეს. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.
დეპარტამენტის კახეთისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. ქარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ და უკანონოდ მოპოვებული 2,8 კგ ხრამულის, 1,8 თრისას (შამაია) და 1,00 კგ კარჩხანას სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული. მოქალაქეებს სამართალდარღვევის იარაღები ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
უკანონო ნადირობის 13 ფაქტი გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. მოქალაქეების მიერ აკრძალული იარაღით, კერძოდ ღამე გასანათებელი მოწყობილობით - ე.წ. ფარით ნადირობის 4 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86 მუხლის მე-15 ნაწილით (საჯარიმო სანქცია 1000-დან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით). ხოლო, გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობის 9 ფაქტი დაფიქსირდა. 86 მუხლის მე-12 ნაწილით შედგენილი ოქმების საფუძველზე (საჯარიმო სანქცია100-დან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ) ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი. შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა, ნადირობისას, აუცილებლად თან უნდა იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.