1-02-2018
ქართული კივი ექსპორტზე იაპონიაში გავიდა. ამ დროისთვის სულ 60 ტონამდე კივის ექსპორტირება განხორციელდა.
როგორც პირველ არხს კომპანია „ნერგეტას“ თანადამფუძნებელმა კოტე ვეკუამ განუცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული კივი იაპონიის ბაზარზე გაიყიდება.
იაპონელი ბიზნესმენები ქართული კივით გასულ წელს დაინტერესდნენ და ისინი შარშან ოქტომბერში საქართველოსაც სტუმრობდნენ.
კომანიამ საცდელი პარტია მცირე რაოდენობით გასულ წელს გააგზავნეს, რის შემდეგაც მოთხოვნა გაიზარდა და კივის ექსპორტი უკვე რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
„პროდუქცია ნოემბერში გავაგზავნეთ და დანიშნულების ადგილზე ახლა ჩავიდა, ყველა შესაბამისი შემოწმება უკვე გავლილია და დახლებზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება. ჩვენი კივი როგორც ტოკიოს, ასევე იაპონიის სხვა ქალაქებშიც გაიყიდება. ჩვენ ადრე ექსპორტს ევროპაში კერძოდ გერმანიაში ვახორციელებდით, თუმცა იაპონიის ბაზარზე გაცილებით მაღალი ფასია და შესაბამისად ჩვენთვის უფრო მომგებიანია”, – აცხადებს კოტე ვეკუა.
კომპანიას ამ დროისთვის კივის პლანტაციები ზუგდიდის რაიონში, სოფელ ინგირში 24 ჰექტარზე აქვს გაშენებული და რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზეც ახორციელებს.
პლანტაცია საკუთარი სახსრებით გააშენეს, ხოლო აგროპროექტის ფარგლებში თანდაფინანსებაც მიიღო, რაც საწყობის აშენებას მოხმარდა.