გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველი აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

31-03-2019

2019 წლის 1-ლი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.


კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


ასევე 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.


კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომლებიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.


კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში პირს დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში შეამოწმებენ.


ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.


ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.


ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია ევროპის არაერთ ქვეყანაში - საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, რუმინეთშ, ფინეთში, შვედეთში და ა. შ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031