1-02-2018
აშშ-ის სურსათისა და წამლების კონტროლის სამსახურმა (FDA) ახალი მეთოდი დაამტკიცა, რომლის საშუალებითაც გულის შეტევით მოულოდნელი გარდაცვალების თავიდან აცილება შესაძლებელი ხდება. ინფორმაციას BBC-ის ესპანურენოვანი სამსახური ავრცელებს.
ეს არის კომპიუტერული პროგრამა Wave, რომელიც საავადმყოფოებში დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტის მონაცემებს აანალიზებს, გულის შეტევის ალბათობას თვლის და ამის შესახებ, სულ მცირე, 6 საათით ადრე აფრთხილებს ექიმებს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, სიკვდილიანობის 10% ექიმების ბრალია; მესამე ადგილზეა მოულოდნელი გარდაცვალება.
მეთოდის შემქმნელი ExcelMedical-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროგრამის გამოყენება მარტივია: ამისათვის სპეციალური, ან ახალი მოწყობილობა საჭირო არ არის. მისთვის მონიტორინგის სისტემა საკმარისია, რაც საავადმყოფოების უმრავლესობაში ისედაც დანერგილია.
პროგრამული უზრუნველყოფა 5 საკვანძო მაჩვენებელს აანალიზებს: პულსს, სუნთქვას, წნევას, ტემპერატურას და ჟანგბადის დონეს. ის დაკავშირებულია ტელეფონის, პლანშეტის, ან კომპიუტერის აპლიკაციასთან. ამგვარად, მედიკოსებს პაციენტის მდგომარეობის გაკონტროლება რეალურ დროში შეუძლიათ და ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი მის საწოლთან დგომა.
Wave-ის მთავარი სიახლე ალგორითმია. ის პირველია, რომელიც აშშ-ის სანიტარული კონტროლის სამმართველომ დაამტკიცა. მას აქვს პაციენტის მდგომარეობის ამსახველი რისკების სკალა 0-დან 5-მდე. თუ პაციენტის მდგომარეობა სამიან ნიშნულს აცდება, სისტემა განგაშის სიგნალს აგზავნის მედპერსონალთან.
Wave-ს ამ დროისთვის მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იყენებენ. მისი შემქმნელები კვლავ განაგრძობენ მუშაობას პროგრამის სრულყოფისათვის, რათა მან სხვა შემთხვევების წინასწარ განსაზღვრაც შეძლოს.