გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანმება გაფორმდა

2-04-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერა საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმდა.


აკაკი საღირაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრის მიწვევით „Global Aviation Summit”-ში მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციაში შედის ასევე ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.


როგორც ხელმოწერის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შეთანხმების გაფორმებით, იქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას.

სამიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე პირველ პანელში, მინისტრების სესიაზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც განიხილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები როგორც მან განაცხადა, ტრანსპორტის დარგი, მათ შორის სამოქალაქო ავიაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, საავიაციო სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს როგორც საჰაერო ტრანსპორტის, ისე მომიჯნავე სფეროებში.


მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებს „საქართველოს და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი რეგულაცია/დირექტივების ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც ამავე დროს გულისხმობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.


მოხსენებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ საკანონმდებლო სიახლეებთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება. საღირაშვილის თქმით, 2015 წლის 28 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ”ტავ-ურბან საქართველო”-მ სრულიად განახლდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი და შუქ-სასიგნალო სისტემა. 2017 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა ჩამოფრენის ტერმინალი. მუდმივად მზარდი საჰაერო სატრანზიტო გადაფრენების უსაფრთხოდ მომსახურების მიზნით გაფართოვდა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტს სამ აპრილს დაასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031