4-04-2019
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც რუსთავი2-ის ეთერში გავიდა. ინტერვიუს დეტალებზე და სააკაშვილის ფსიქოპორტერტზე ნანა ჩაჩუა სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრობს.
“პოლიტიკოსმა რომ გულწრფელად ილაპარაკოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე აღარაა პოლიტიკოსი. მაგრამ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუში საკმაოდ ბევრი იყო წამოცდენილი სიტყვები. როგორც ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, სწორედ ეს წამოცდენილი სიტყვები არის ის, რაც წყალქვეშა დინებებს ამოძრავებს.
რობაქიძის მკვლელობაზე საუბარისას მას წამოცდა – ყველგან ხდება იარაღის ჩადება. მე როცა ადამიანს ვუსმენ, მინდა რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია, ის იყოს ობიექტურად იმის ამსახველი, რაც არის. და თუ ობიექტურად ვერ ასახა, ფიქრობდე, რომ ის ობიექტურია. არასასიამოვნო განცდა დარჩა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით – ასე ყველგან არ ხდება, არადა, საპირისპირო რამ მოვისმინეთ”, - განაცხადა ნანა ჩაჩუამ ჟურნალისტ კობა ბენდელიანისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარმიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ისეთი შემთხვევა, როგორიც ბუტა რობაქიძის მკვლელობაა, ამერიკაში ყოველთვიურად ხდება.
„რობაქიძის ისტორიას რაც შეეხება, ასეთი რაღაც ამერიკაში ყოველთვიურად ხდება. ძალიან ბევრგან ხდება პოლიციის მიერ იარაღის ჩადება, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. საქართველოში, სადაც იყო გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი, რას ვთხოვთ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სახელმწიფო რა იყო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არც გირგვლიანის და არც რობაქიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და „დიდი ღორობაა პრეზიდენტისთვის ამის დაბრალება“.
13-01-2025