გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შენგელია: დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რამეს შევცვლით ამ ქალაქში და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს

6-04-2019

ზუგდიდის მერობა არის ძალიან საპასუხისმგებლო, თუმცა იმ ხედვებით, იმ კონკრეტული გეგმით, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთად მოვდივარ - მე დარწმუნებული ვარ თქვენი დიდი მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ დღეს გამართულ წარდგენაზე განაცხადა.


მისივე თქმით, პრიორიტეტი ახალგაზრდობა და მათი იდეებია, რომეთა განხორციელებასაც ხელს შეუწყობს.


„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების გვერდში დაყენება და ახალგაზრდული იდეებით, ახალგაზრდული შემართებით უკეთესი მუნიციპალიტეტის შენება. ჩვენ ახალგაზრდებისათვის ავაშენებთ ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც მათ საშუალება ექნებათ იდეები შემოგვთავაზონ და ეს იდეები უკეთესი მომავლისათვის განვახორციელოთ“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.


მან ასევე ზუგდიდში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა:


„ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდება ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება თითოეულ პენსიონერზე, თითოეულ სოციალურად დაუცველზე, თითოეულ დევნილზე და ზოგადად ზუგდიდელზე ზრუნვა, რასაც, თქვენთან ერთად დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გავართმევ თავს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გვესმის, რომ ზუგდიდში არის საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა. მე გპირდებით, რომ ჩემი მერობის პერიოდში სრულად მოვაგვარებ აღნიშნულ პრობლემას და ზუგდიდში იქნება კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა. უკვე დაწყებულია 10 ახალი გზის მშენებლობა და 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მალე უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ასევე ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა. აღნიშნული მეგაპროექტი გახდება ძალიან ბევრი ზუგდიდელის დასაქმების ადგილი და ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს მუნიციპალიტეტს, არამედ მთელ ქვეყანას“ - აღნიშნა გეგა შენგელიამ.


მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თხილის გადარჩენის კონკრეტული გეგმა უკვე შემუშავებულია.


„ჩემი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევაა თხილის მოსავლის გადარჩენა. აღნიშნული მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც - ჩვენი მხარდაჭერით და შესამაბამისი ცოდნით აღჭურვილი ადამიანები შეძლებენ თავიანთი თხილის ბაღების გადარჩენას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ზუგდიდის მერობის ანდიდატმა.


მისივე თქმით, ადილობრივობა მას დაეხმარება ზუგდიდელების საჭიროებების უკეთ გაგებაში.


„მეგობრებო, მე 38 წელი ვიცხოვრე ზუგდიდში და მომავალშიც აქ ვაპირებ ცხოვრებას. მე დავიბადე და გავიზარდე ჩემს მშობლიურ ქალაქში, ვსწავლობდი მე-2 საჯარო სკოლაში და მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ძალიან კარგად მესმის თქვენი საჭიროებები, ძალიან კარგად მესმის ჩემი ზუგდიდელების სატკივარი და დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, მაქსიმალურად გავართმევთ თავს ამ საკითხების გადაწყვეტას“ - აღნიშნა გეგა შენგელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930