გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერია ტაქსის მძღოლებს სთავაზობს თუ გადაღებვა არ უნდათ მანქანას თეთრი ფირი გადააკრან

11-04-2019

თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ რეფორმის შესახებ საზოგადოება და ტაქსის მძღოლები ინფორმირებულები იყვნენ.


"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რეფორმა ერთი მხრივ ითვალისწინებს დედაქალაქში მდგომარეობის გაუმჯობესებას ტაქსის სერვისის მიწოდების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ ტაქსის მფლობელებისთვის ამ სერვისის განსახორციელებლად ხელშემწყობი პირობების შექმნას", - განაცხადა ილია ელოშვილმა და ის ბენეფიტები ჩამოთვალა, რაც A კატეგორიის ტაქსებს ექნება:

• მუნიციპალიტეტმა რეგისტრირებული A კატეგორიის ტაქსებისთვის საგანგებოდ გამოყო უფასო საპარკინგე ადგილები;

• რეგისტრირებულ A კატეგორიის ტაქსებს გადაეცემათ მანათობელი ნიშანი;

• თეთრი ფერის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გადაეცემათ ღებვის ვაუჩერი, რომელიც მძღოლის დანახარჯებს არ იწვევს;

• მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის და ტაქსის სერვისის გასაუმჯობესებლად ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი;

• მათ გაუჩნდებათ კიდევ ერთი შემოსავლის წყარო რეკლამის განთავსების სანაცვლოდ;

• გარდა ამისა, ისინი თავისუფლები იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან.


ილია ელოშვილის თქმით, თბილისი იმსახურებს იმას, რომ ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის, სუფთა ტაქსები. "თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები გადააკრავენ ფირს მანქანას, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა", - განაცხადა ელოშვილმა.


მისი თქმით, ყველა მხარე თანხმდება, რომ რეფორმა აუცილებელი და გარდაუვალია. "ეს მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ტაქსის სერვისით მოსარგებლე ადამიანებისთვის და ამ სერვისის გამწევი, რეგისტრირებული 27 000 პირისთვის", - განაცხადა ილია ელოშვილმა და დასძინა, რომ თბილისის მერია არ განიხილავს რეფორმის გადავადების საკითხს, თუმცა მსჯელობს რეფორმის პროცესში გარკვეული კორექტირების თაობაზე, გადაწყვეტილებას ამის შესახებ უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031