გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რას გულისხმობს ახალი სარეზერვო სისტემა და რა ასაკამდეა მისი გავლა სავალდებულო

3-02-2018

იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები.

წარმოდგენილი ცვლილებებით, ყალიბდება რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემა, რომელიც მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადებისაკენ, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ასევე ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ. ცვლილებების ავტორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. კანონპროექტები დაჩქარებული წესით განიხილება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით: „კანონპროექტი შემუშავებულია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული 2017-2020 თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში და ეფუძნება „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპს“.

საკითხის თაობაზე მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის განცხადებით, თავდაცვის ორგანიზება ეფუძნება „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპებს და ამ მიმართებით, თავდაცვის სამინისტროში მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის, ერთ-ერთია რეზერვის ახალი კონცეფციის შემუშავება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რატომაც დავიწყეთ ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა გახლდათ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსული, როდესაც რეზერვის არსებულმა კონცეფციამ ვერ წარმოაჩინა თავი, როგორც ეს სასურველი იყო. გარკვეულწილად, პრობლემები იყო დაგეგმვისა და გამოყენების, მართვისა და კონტროლის პროცესებში. სწორედ ამ საკითხებს არეგულირებს ახლებურად წარმოდგენილი კანონპროექტი“,-განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად: სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა 2 ძირითად სახედ:

1-აქტიურ სარეზერვო სამსახურად

2- სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად.

ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან; ტერიტორიული რეზერვისგან და სპეციალისტთა რეზერვისგან.

კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის ასაკი განისაზღვრება:

• შეიარაღებული ძალების რეზერვში - 50 წლამდე
• ტერიტორიულ რეზერვში - 55 წლამდე
• სპეციალისტების რეზერვში - 65 წლამდე
• სამობილიზაციო რეზერვში - 60 წლამდე

ცვლილებების თანახმად: აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითია და სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან ფორმდება კონტრაქტი. აქტიურ რეზერვში მყოფ პირს, კონტრაქტით სამსახურის მთელი 5 წლიანი პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში, ხოლო გამოძახების შემდგომ სარეზერვო სამსახურის პერიოდი -კომპენსაციის დასანიშნ სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფაი. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამსახურში მისაღები პირების რაოდენობას, ეროვნული თავდაცვის და სამობილიზაციო გეგმების გათვალისწინებით განსაზღვრავს მთავრობა. პროექტის თანახმად, აქტიურ რეზერვში გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციისას.

კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის მიზანია -სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვა, მაღალი საბრძოლო მომზადების და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ასევე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერება და მხარდაჭერა.
შეიარაღებული ძალების რეზერვის დაკომპლექტების წყაროა - საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო(პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურიდან, აგრეთვე სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი.

ტერიტორიული რეზერვის შექმნის მიზანია მცირე სამობილიზაციო დროში, შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი შედის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში.

ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტების წყაროა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის უფლებამოსილება ენიჭება აგრეთვე წვევამდელს, არაუმეტეს 22 წლის ასაკისა, რომელსაც გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური დაერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად.

სპეციალისტთა რეზერვის შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა.
სამობილიზაციო რეზერვის მიზანია სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტების წყარო არის პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეზერვშია დათხოვნილი და არ ირიცხება აქტიურ რეზერვში.
ცვლილებებს განიცდის, ასევე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის და გამოძახების ინსტიტუტიც. ახალი პროექტის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევას გამოაცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო მათ გამოძახებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.

კანონპროექტის მიხედვით, მკაფიოდ განისაზღვრება ის გარემოებები, როდესაც შესაძლებელი იქნება სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა სამობილიზაციო სამხედრო სამსახურში გაწვევა, ეს არის:

• საომარი მდგომარეობა - გაწვევას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი;
• საგანგებო მდგომარეობა, აგრეთვე საგანგებო სიტუაცია - გაწვევას აცხადებს საქართველოს მთავრობა;

• სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმება ან/და რეზერვისტების მომზადება - გაწვევას აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინიტრი.

ცვლილებას განიცდის ასევე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის საკითხი და რეზერვის საკითხების სრულყოფილად დარეგულირების მიზნით იქმნება სამობილიზაციო კომისია.

კანონპროექტში ცალკე მუხლი ეთმობა რეზერვისტების მომზადებას, იცვლება სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლების გაწვევის, გადავადებისა და ასევე მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფი პირების დაჯავშნის წესი და პირობები.

კანონპროექტის თანახმად, რეზერვისტი, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. მას სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდად (შრომის სტაჟი)ჩაეთვლება.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

კანონის პროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2018 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემისნაწილში 2020 წლის 1 ივნისიდან.

ცვლილებების თანახმად, 2018 წელს იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას. 2018 წლის განმავლობაში აქტიურ რეზერვში მყოფი პირების შრომის ანაზღაურების, კვების, აღჭურვის და მომზადების მთლიანი ხარჯი შეადგენს - 1 370 934 ლარს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების წევრებმა გამოთქმული შენიშვნების გათვალიწინებით მხარი დაუჭირეს განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930