11-04-2019
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი არჩევითი საგნების სტატისტიკას 7 მაისის შემდეგ გამოაქვეყნებს.
როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის დამატების ან წაშლის უფლება აქვთ.
„იქედან გამომდინარე, რომ 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს აქვთ საშუალება დაამატონ ან წაშალონ საგანი, 7 მაისის შემდეგ გვექნება საბოლოო ინფორმაცია ამის თაობაზე, რასაც გამოვაქვეყნებთ და ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვისაც",- განაცხადა გორგოძემ.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ელექტრონული განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შეავსო.
18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.
13-01-2025