გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: მომხდარს საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება

12-04-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ის პოლიტიკა, რომელიც აფხაზეთისა და გალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მაცხოვრებლების მიმართ ტარდება, პრაქტიკულად გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ.


„ეს ყველაფერი, სიმართლე გითხრათ, მოსალოდნელი იყო. დღეს სოხუმი მოსკოვის წაქეზებით ცდილობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოქალაქეობის ელემენტარული უფლებებიც კი ჩამოართვას. მოგეხსენებათ, დე-ფაქტო რეჟიმის ბოლო მცდელობა არის აბსოლუტური ხელყოფა იმ უფლებებისა, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით და რომლებსაც შეერთებულია მთელი ცივილიზებული სამყარო. სოხუმს პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე, ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოებრიობაზე ილაპარაკოს, თუმცა ბოლო პერიოდში იქ მიმდინარე პროცესები - დაწყებული სიკვდილით დასჯიდან და დამთავრებული ბოლოს მომხდარი ფაქტით, მემკვიდრეობითი უფლების იგნორირებიდან - აბსოლუტურად სხვა მიმართულებით აყალიბებს მის მსოფლმხედველობას“, - განაცხადა „ნიუსპრესთან“ საუბარში ვახტანგ ყოლბაიამ.


მისივე თქმით, ეს ფაქტი არ დარჩება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა, ამაზე იქნება მსჯელობა და კონსულტაციები ჟენევის ფორმატში.


„მომხდარ ფაქტს საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს გარკვეულწილად მოთელვის მომენტია. დე-ფაქტო რეჟიმი დააკვირდება, თუ როგორი რეაქცია ექნება ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას ასეთ ქმედებებზე. მიკვირს, რომ აქამდე არ ჩანს რეაქცია სოხუმში არსებული ე.წ. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც კეთდება, არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც ტარდება სოხუმში ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ ეთნიკური ნიშნით. მე მოველი, რომ ამ ყველაფერს სოხუმში პასუხს გასცემენ. იტყვიან, რომ ეს კეთდება არამარტო ქართველებისათვის, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის. იტყვიან იმასაც, რომ ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ ან ექნებათ მსგავსი პრობლემები და გამონაკლისი არც ქართული მოსახლეობა იქნება. ქართული მოსახლეობა სხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან იმით გამოირჩევა, რომ ეს არის ძირძველი, ავტოქტონური მოსახლეობა, რომლის მიმართაც ასეთი ქცევა გაუგონარი, არაცივილიზებული, არაადამიანური და არასამართლებრივი მიდგომის დამადასტურებელია. იმედს ვიტოვებ, რომ ამას გაგრძელება არ ექნება და მინდა, ფაქტთან დაკავშირებით ცოტა მეტი დავინახო, ვიდრე ამჟამად ჩანს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031