12-04-2019
იმ დროს როცა დასავლელი პოლიტიკოსები ყველანაირად ცდილობენ საქართველოსა და რუსეთის მტრობა გააღრმავონ, რიგითი ქართველები და რუსები ძველ მეგობრობას აგრძელებენ, ერთმანეთთან დადიან, ერთობლივ ბიზნესს ავითარებენ... სანამ სამხედროები იარაღს აჟღარუნებენ, ორი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მაჩვენებლები - დაწყებული ტურისტთა ნაკადიდან და დამთავრებული ფულადი გზავნილების მოცულობით - რეკორდული ტემპებით მატულობს. ამასთან, პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია და ორივე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში ერთმანეთის საწინააღმდეგო ორიენტირები აქვთ: თბილისი ნატოში გაწევრიანების მიისწრაფვის, რუსეთი კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ნატოს სამხედრო წრთვნები, თბილისში ხშირად დადიან ნატოს წარმომადგენლები - ამ რამდენიმე დღის წინათ იქ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც იმყოფებოდა. კვლავ აქტუალურია ტრადიციული კითხვა: მიიწვევენ თუ არა საქართველოს ნატოში?
გთავაზობთ ინტერვიუს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელს ალექსანდრე სკაკოვთან:
- როგორ შეაფასებდით რუსეთისა და საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების დღევანდელ ტენდენციებს? სიტუაცია გამწვავებულია თუ...
- მაინცდამაინც დიდ გამწვავებას ვერ ვხედავ. მართალია, ორივე მხრიდან შეიმჩნევა პერმანენტული რიტორიკა, მაგრამ ეს ადრეც იყო. ნატოს სწავლებებიც ახალი არ არის, წინა წლებშიც ბევრჯერ გამართულა. ამასთან, ვფიქრობ, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ნატოში არ მიიღებენ. რასაკვირველია, თუ მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობა კიდევ უფრო არ გაუარესდება, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მეტი რაღა უნდა გაუარესდეს?! ამიტომაც მხარეები არ ჩქარობენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ახლო პერსპექტივაშიც.
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის 2010 წლის არჩევნები მოსკოვ-ბრიუსელ-ვაშინგტონის ურთიერთობის ფონზე, რადგან ვერცერთი ქართული მთავრობა ამ ფაქტორის გარეშე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ჩემი პროგნოზით, საქართველოში ახლო პერსპექტივაში ძლიერი [ეროვნული] მთავრობა არ ეყოლება. შესაბამისად, თბილისი რუსეთის მიმართულებით ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადადგამს, როცა ამას დასავლეთი ეტყვის.
- მაგრამ თუ პოლიტიკური ურთიერთობა არ აღდგება, როგორ შეიძლება ეკონომიკური კავშირების გაფართოება საქართველოსთან? ან ჩვენი ტურისტების უსაფრთხოების დაცვა?
- ნუ ვიტყვით ისე, რომ ამ მხრივ არაფერი არ კეთდება. როცა აუცილებელია, ქართულ-რუსული სპეცსამსახურები ერთმანეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ - გავიხსენოთ, მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის დროს... რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს: მე ვფიქრობ, რომ თბილისის განცხადებები - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მანამ არ აღდგება, სანამ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოები არსებობენო, აბსოლუტურად არასწორია. შევხედოთ სერბეთს: ბელგრადს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები აქვს გერმანიასთან, აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც საელჩოები აქვთ კოსოვოში.
- თქვენი აზრით, რამდენად რეალურია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა და მასზე მოძრაობის განახლება? ან სავაჭრო დერეფნების ამოქმედება?
- ამჟამად აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასა და მოძრაობის განახლებაზე საუბარი, ჩემი აზრით, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ამ საკითხზე მსჯელობა სერიოზულ თემადაც კი არ მიმაჩნია. რაც შეეხება სავაჭრო დერეფნების ამოქმედებას, ბარდა ამისა, რომ საბაჟოების განლაგებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს, აფხაზეთსაც თავისი განსაკუთრებული პოზიცია აქვს. გარდა ამისა, ვფიქრობ, აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არც რკინიგზა არ აღდგეს და არც დერეფნები არ ამოქმედდეს, რათა სომხეთს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი „ფანჯარა“ არ გამოუჩნდეს.
წყარო: «Свободная Пресса» (რუსეთი)
ავტორი: ანტონ ჩაბლინი
იბეჭდება მცირე შემოკლებით