გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთო-სა და ევროპის საბჭოში რუსეთს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს

3-02-2018

ქართული მხარის ინიციატივით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1305-ე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს 1174-ე სხდომებზე განიხილეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები.

ორივე ორგანიზაციის ფარგლებში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებაზე. აგრეთვე, ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნისა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნის თაობაზე.

ქართულმა მხარემ დაგმო რუსეთის ქმედებები და ისინი შეაფასა, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული პოლიტიკა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის მიღწევას.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ორივე ორგანიზაციის ფარგლებში. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოში ევროკავშირის, უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ლიტვის, საფრანგეთის, ფინეთის, ლატვიის, გერმანიის, ჩეხეთის და მოლდოვას დელეგაციები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მცდელობას და შესაბამისად, საჭიროებს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება. მათ ასევე ცალსახად დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნა. ელჩებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის და უკრაინის დელეგაციებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სან მარინო, უკრაინა და მოლდოვა. კანადის დელეგაციის განცხადებას ისლანდია და ნორვეგიაც მიუერთდა.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებები და აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმურად რუსეთის მიერ რატიფიცირებულ ხელშეკრულებას გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ. კანადისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა მოუწოდეს რუსეთს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეს, ხსენებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ. გამომსვლელებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

ევროკავშირის, ისლანდიის, ნორვეგიისა და კანადის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ მცდელობებს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის საჭიროებას.

უკრაინის დელაგაციამ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას და აგრეთვე, შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მოშლისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას. უკრაინამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს საკუთარი საჯარისო ფორმირებები და საოკუპაციო ადმინისტრაციები საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031