8-09-2024
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, შესაძლებლობა, რომ დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამცხე-ჯავახეთში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში ვიმყოფებოდით. ნახეთ, თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული ღონისძიებაზე. ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდეს ეკონომიკური განვითარება.
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, შესაძლებლობა, რომ დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი.
თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, გამოვლილი გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც დავუშვით შეცდომები, რომელთაც დღესაც ვიმკით და ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომელიც მივიღეთ.
შესაბამისად, გვჭირდება მშვიდობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, გუნდი, ომელსაც შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, განავითაროს მისი ეკონომიკა, არის „ქართული ოცნება“. ძლიერი ეკონომიკით და ქვეყნით შევძლებთ იმ დიდ ოჯახში შესვლას, რასაც ევროპა ჰქვია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.