გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
მიხეილ სააკაშვილი: დასავლეთის მიერ შექმნილმა კომისიამ აგვისტოს ომის პროვოცირებაში პასუხისმგებლობა ჩვენც დაგვაკისრა

15-04-2019

პოლონური გამოცემის, «Wirtualna Polska»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის ინტერვიუ, რომელიც მან ვარშავაში ყოფნისას პოლონურ გამოცემას მისცა. მასალაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ვლადიმერ პუტინი სულ მალე დასავლეთთან ახალ ომს გააჩაღებს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იაროსლავ კოშიჩევსკის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს და პოლონელი მკითხველების კომენტარებს:


„პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, 2008 წლის აგვისტოში, ვლადიმერ პუტინის არმიას ეომებოდა, ვარაუდობს, რომ ამჯერად რუსეთის სამიზნე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები აღარ იქნება:


„რუსებმა ბელარუსები უკვე დაიმორჩილეს, უკრაინაში სიტუაცია არ უმჯობესდება და თუ პეტრო პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში დამარცხდება, ეს ფაქტი ვლადიმერ პუტინს ძალიან გაეხარდება. საქართველოზე მეორედ თავდასხმას აზრი აღარ აქვს. ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ნატოს ქოლგის ქვეშ არიან, მათ არაფერი ემუქრება. მოსკოვმა თავისი გავლენის სფეროს გაფართოება სხვა მიმართულებით დაიწყო: ჯერ სირიაში, სადაც დასავლურ კოალიციას დაუპირისპირდა, ახლა კი ჩრდილოეთ ევროპის დროც მოვიდა: ვლადიმერ პუტინმა ისეთ ქვეყნებს მიაპყრო მზერა - შვედეთს და ფინეთს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ არიან“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მისი აზრით, არ არის აუცილებელი, რომ რუსეთის ჯარმა სტოკჰოლმი ან ჰელსინკი დაიკავოს: ჯერ საკმარისია მათი ტერიტორიის შედარებით მცირე ნაწილის გაკონტროლება, შემდეგ კი, როცა დაინახავს, რომ ფინეთს და შვვედეთს ნატო არ დაეხმარება და რუსეთს მხოლოდ სანქციებს გამოუცხადებს, დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს.


ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი უბრუნდება სმოლენსკის ავიაკატასტროფის თემას და იხსენებს, თუ როგორ იყო ლეხ კაჩინსკი საქართველოსთან დაახლოებული: „ვლადიმერ პუტინმა ლეხ კაჩინსკი იმიტომ ამოიღო მიზანში, რომ პოლონეთის პრეზიდენტი, საკუთარი სიცოცხლის რისკის მიუხედავად, გვერდით დაუდგა საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, თბილისში ჩამოვიდა და ამით საქართველოს დედაქალაქი [რუსეთის ჯარებით დაკავებას] გადაარჩინა.


„მე ვთვლი, რომ სმოლენსკთან მომხდარი თვითმფრინავის კატასტროფა თბილისის მოვლენების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, - ვლადიმერ პუტინი ლეხ კაჩინსკის სიკვდილში იყო დაინტერესებული. იგი არაფერს არ რისკავდა, მაგრამ იმავდროულად შეეძლო გავლენის სფეროს უმტკივნეულოდ გაფართოება . აბა, წარმოიდგინეთ: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამ ყველაფერს ხედავს და აკეთებს დასკვნას - ვლადიმერ პუტინმა პოლონეთის პრეზიდენტი მოკლა და ვაითუ მეც იგივე გამიკეთოსო. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ავტორიტეტი განიმტკიცა თავისი თანამემამულეების თვალშიც, რომლებიც ლეხ კაჩინსკის მტრად მიიჩნევდნენ“.


ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტი იხსენებს იმასაც, თუ როგორ მართავდა მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან (30-ზე მეტი შეხვედრა) პირისპირ და ამიტომ მან კარგად შეისწავლა რუსი ლიდერის მოქმედების ლოგიკა: „ვლადიმერ პუტინს გამბედაობა დასავლეთის მშიშრობამ შემატა. მაგალითად, დასავლეთმა ჩამოაყალიბა კომისია, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებს გამოიკვლევდა და რომელმაც დასკვნაში კონფლიქტის პროვოცირებაში პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ჩვენც დაგვაკისრა, ანუ საქართველოს, აგრესიის მსხვერპლს. ვფიქრობ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით რუსებს შეეძლოთ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავარიის მოწყობა... მტკიცებულებების მიმართ რწმენა შეიძლება რელიგიურ რწმენას შევადაროთ: ზოგს სჯერა, ზოგს არ სჯერა - მაშინაც კი, როცა სამხილებს ხედავენ. აქ საქმე პრეზიდენტ კაჩინსკისადმი დამოკიდებულებას ეხება. ასეთი მოვლენა ჩემთვის ცნობილია, საქართველოშიც ასეთი დამოკიდებულებაა ჩემს მიმართ“, - ასკვნის მიხეილ სააკაშვილი.


-----------


მკითხველთა კომენტარები:


ალექსი: „მიხეილ სააკაშვილი, როცა მან ლეხ კაჩინსკი ფრონტის ხაზზე წაიყვანა, თან რუსი სნაიპერების ტყვიების ქვეშ, იმედოვნებდა, რომ რუსეთსა და დასავლეთ შორის ომის პროვოცირებას მოახდენდა. გამოდის, რომ პოლონეთის „მეგობარი“ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პრეზიდენტის სიცოცხლით რისკავდა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მიეღო იმ ომში, რომელიც თვითონ გააჩაღა“.


რიქსი: „მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტია, რომელიც მათი ფულითაა შექმნილი. რუსეთთან კონფლიქტი კი ოლიმპიადის დღეებში თვითონ დაიწყო... იგი ჩაციკლულია ვლადიმერ პუტინზე. ვფქირობ, რომ ზალიან აჭარბებს“.


მარეკი: ფინეთს ბრძენი პოლიტიკოსი მართავს. პოლონეთისგან, ლატვიისაგან, ლიეტუვისაგან და ესტონეთისაგან განსხვავებით, ფინეთის პრეზიდენტი რუსოფობიას კი არ აღვივებს, არამედ რუსეთთან ვაჭრობს და ამით ქვეყანა იგებს. ფინეთის ლიდერი რუსულად ლაპარაკობს და რუსებთან ერთად არქტიკას ითვისებს“.


არკი: მიხეილ სააკაშვილი თავის მსჯელობაში ძალიან შორს მიდის. რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინს სურს თანამემამულეების ყურადღება საგარეო საკითხებზე გადაიტანოს, მაგრამ იგი დასავლეთთან ასეთ ავანტიურაზე არ წავა. გასაგებია, რომ მას პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან სამხედრო დაპირისპირება შეუძლია, მაგრამ ფინეთი და შვედეთი სხვა დონეა. იგი ვერ გაბედავს მათზე თავდასხმას“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930