გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო

3-02-2018

პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო. გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.

ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ სხდომაზე განხილულ საკითხებზე კომენტარები გაკეთდა.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილვა შეეხებოდა შესყიდვების და ფინანსურ ნაწილს, რომელთაც გრიფით საიდუმლო ადევთ. დანარჩენ ნაწილში დასკვნები საჯაროა და გამოქვეყნებულია. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და ყველაზე საკითხზე ნდობის ჯგუფის წევრებთან კონსტრუქციული განხილვა შედგა. შევთანხმდით, რომ შეხვედრებს სისტემური ხასიათი მიეცემა და განვიხილავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც აუდიტის სამსახური ნებისმიერი შემოწმების მიმართულებით შედეგობრივად დებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს და ამ პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია“, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა.

„ჩვენ დღეს ნდობის ჯგუფის ფორმატში მოვისმინეთ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების საიდუმლო შესყიდვების აუდიტის სამსახურის ანალიზი და ეს მონაცემები შედარებითი კვლევის ანალიზს ეყრდნობა, რაც ახალ მიდგომას წარმოადგენს. რაც შეეხება თავად ანალიზს - უდაოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და დადებითი სურათი 2013 წელთან შედარებით. ის პრობლემები, დარღვევები და ხარვეზები, რომლებზეც აუდიტის სამსახური წერდა 2013 წლამდე პერიოდში, დღეს აღმოფხვრილია და რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი დინამიკაა. არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება. მთლიანობაში საინტერესო დისკუსია გავმართეთ, იმისთვის რომ დაგვენახა ამ დადებითი ტენდენციის უფრო ღრმა შინაარსი“, - აღნიშნა ნდობის ჯგუფის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების ფინანსური საქმიანობის და შესყიდვების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა შეაფასა ნდობის ჯგუფის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მისი განცხადებით, ზედამხედველობის და კონტროლის ეფექტიანობის შემოწმების თვალსაზრისით, აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი და საინტერესო სამუშაო აქვს შესრულებული. „ჩვენ მივესალმებით ამ ინსტიტუტის როლის გააქტიურებას. რაც შეეხება სამინისტროებთან დაკავშირებულ დასკვნებს - ავღნიშნავ, რომ ორივე მინისტრის პირობებში ადმინისტრირების გაუმჯობესების ტენდენციაა. ის ხარვეზები, რომელთა მოცულობაც შემცირებულია უკვე დარეგულირების პროცესშია. ეს არის ძირითადად ადმინისტრაციული საკითხები, რომლებზეც ნდობის ჯგუფი და პარლამენტი შესაბამის რეკომენდაციებს დაამუშავებს და მათი შესრულების პროცესს გააკონტროლებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა. ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას აუდიტის სამსახურის როლს შეეხო და უწყების მიერ მომზადებული დასკვნები შეაფასა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აუდიტის სამსახურის ეფექტური მუშაობა და ის გეგმები, რაც ამ სამსახურს გააჩნია. აუდიტის სამსახური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება წარმოდგენილ დასკვნებს - აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის კუთხით. პროგრესია როგორც ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე დარღვევების კლების ტენდენციების თვალსაზრისით და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. რეკომენდაციების ნაწილში ჩვენი ერთობლივი მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული გარკვეული ადმინისტრაციული ხარვეზები მოდის და თუმცა ამ მხრივაც, აქაც შეინიშნება გამოსწორების ტენდენციები“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930