გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მირცხულავა: ჰიდროენერგეტიკული რესურსის ათვისება აუცილებელია და ენერგეტიკა ამას მოითხოვს

22-04-2019

მაღალი კაშხლების საქართველოს ეროვნული კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარე დავით მირცხულავა 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს კონტექსტიდან ამოვარდნილ ფაქტს უწოდებს და ჰიდროენერგეტიკაზე შეტევად აფასებს. ეს განცხადება მან „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.


დავით მირცხულავამ საქართველოში ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრისას სხვა ქვეყნების მაგალითები მოიყვანა. „ხშირად მომყავს იაპონიის მაგალითი, სადაც 2023 წლამდე 120 ახალი ჰესი შენდება, ლათინურ ამერიკაშიც მიმდინარეობს ჰიდრორესურსების ინტენსიური ათვისება. ასევე ჩილეს მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სადაც მზის სადგურები შენდება. ბუნებრივია, ჩვენთანაც უნდა აშენდეს მზე და ქარის სადგურები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჰიდროენერგეტიკული რესურსი არ ავითვისოთ, ეს აუცილებელია და ენერგეტიკა ამას მოითხოვს“, - აღნიშნა მან.


ამასთან, დავით მირცხულავას განმარტებით, ჰესების მშენებლობის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს. „არცერთი ენერგეტიკოსი ან ინჟინერი არ ამბობს უარს, რომ ეს უნდა მოხდეს ყველაზე მაღალი სტანდარტით და ასევე მაღალი, საინტერესო და აუცილებელი კვლევებით. საერთაშორისო სტანდარტებით უნდა მოხდეს შესწავლა, მაგრამ ამ რესურსზე უარის თქმა არის შეტევა ქვეყნის წინააღმდეგ“, - აცხადებს მირცხულავა.


ამასთან, ექსპერტი ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს. „რაღაც აკლია ალბათ ამ პროცესს და ეს არის ეკონომიკური სარგებლიანობა. დარწმუნებული ვარ, რომ სვანეთი საქართველოს ყველაზე კარგად მაცხოვრებელი რეგიონი იქნება და ცხოვრების დონე უფრო აიწევს, რადგან უდიდესი პოტენციალი გააჩნია ჰიდროენერგეტიკის სახით. ასევეა სტეფანწმინდასა და ყაზბეგის რაიონში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმ რეგიონებში, რომლებიც მიგვაჩნია, რომ დღეს ეკონომიკური მდგომარეობით არ გამოირჩევა, არის მიგრაცია. ასეთ რეგიონებშიც თუ მოხდება ჰიდრორესურსების ათვისება, მოხდება დასაქმება და ცხოვრების დონე გაუმჯობესდება“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930