22-04-2019
გუშინდელი მოვლენები დასტურია იმის, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ ხდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა პაატა ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, ასე იყო ნორვეგიაშიც თავის დროზე და მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი ხანი დასჭირდათ იმისთვის, რომ შეეცვალათ საზოგადოების დამოკიდებულება ჰესების მშენებლობის მიმართ და დღეს ნორვეგიის 97% ენერგიის დგას ჰიდროელექტროსადგურებზე.
„საქართველოში ჩვენ ერთადერთი რესურსი გვაქვს ჰიდროენერგია და მისი არგამოყენება, არაფრით შეიძლება. საჭიროა ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ეს და არა იმაზე, როგორ არ გავაკეთოთ. არავინ ამბობს იმას, რომ ეკოლოგიური პრობლემები არ უნდა გადაწყდეს, თუ ის არსებობს, არავინ ამბობს იმას, რომ მოსახლეობის ინტერესები არ უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, ძალიან გეგმაზომიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა არის გადაწყვეტადი და საქართველოს მომავალი არის ჰიდროენერგეტიკა“, - განაცხადა პაატა ცინცაძე.
რაც შეეხება პანკისის ხეობაში მიმდინარე ხადორი 3-ის ჰესის მშენებლობას, ენერგეტიკოსის თქმით, ეს არის 5 მეგავატიანი ჰესი, რომელიც არის დაახლოებით 20 მილიონი კილოვატ საათი.
„ეს მთლიან მოხმარებაში ბევრს არაფერს წარმოადგენს ცალკე აღებულ ჰესად. მაგრამ თუ გვექნება ბევრი მცირე ჰესი, ასევე დიდი ჰესები, ჩვენ შეგვიძლია ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა პაატა ცინცაძემ.
13-01-2025