გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზესტაფონის მერობის კანდიდატის მანქანა გაუმართავი იყო – ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს თავად ვახტანგ რობაქიძის მეგობარი უარყოფს

23-04-2019

ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერი, რომლის ავტომობილიც გუშინ დაიწვა, უარყოფს, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდა. ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერი და მისი საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიორგი ქამუშაძე აღნიშნავს, რომ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავი იყო და პრობლემები აქამდეც შექმნია.

,,ჩემს მიმართ არანაირ ზეწოლას ჰქონია ადგილი. არც არავინ დამმუქრებია. ავედი ჩვეულებრივ ბინაში, გადმოვიხედე და იყო ასეთი ფაქტი; ძალიან მოკლე დროში მოხდა, ვერც მოახერხებდა ადამიანი რაიმეს. მანქანა 25 წლის არის. ერთხელაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა, მაგრამ მაშინ სახანძროს გარეშე ჩავაქრე ცეცხლი”, – ამბობს გიორგი ქამუშაძე.
თავად დამოუკიდებელი კანდიდატი, ვახტანგ რობაქიძე თავისი მხარდამჭერის მანქანის დაწვაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება, მისი პირველი კომენტარი კი ასეთი იყო:
“ზესტაფონში მანქანა ეზოში იყო გაჩერებული და ცეცხლი მოეკიდა. მე არ ვიცი, ეს რას უკავშირდება; ვიცი ის, რომ ამ მანქანით თბილისიდან საარჩევნო ბანერები და ბროშურები უნდა წამოგვეღო. მანქანა ჩემს მეგობარს ეკუთვნის”.

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე კანდიდატის ბრალდებას აბსურდული უწოდა.
,,დარწმუნებული ვარ, შსს ამ საქმეს გამოიძიებს, კითხვებს პასუხი გაეცემა და გაირკვევა სიმართლე. რაც შეეხება ბრალდებებს – ეს არის აბსურდი, ტყუილი, სიცრუის ტირაჟირება, საარჩევნო კამპანიის ბინძური თამაშის წესებით წარმართვა და სამწუხაროა, რომ ოპონენტები ამ გზას ირჩევენ”, –განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ფაქტს ზესტაფონის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეც გამოეხმაურა. გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ თუ მის ოპონენტს საარჩევნო კამპანიაში ინციდენტის გამო პრობლემა შეექმნება, მზად არის, საკუთარი ავტომობილით დაეხმაროს.
“ეს არის ცუდი, როცა სხვა საარჩევნო სუბიექტის მისამართით ხელის დადება ხდება. მაქვს ინფორმაცია, რომ მან განცხადება იმის შესახებაც გააკეთა, აქ გოგლიჩიძე არაფერ შუაშიაო. თუ ეს სააგიტაციო მანქანა იყო და თუ ამით შტაბში პრობლემა იქმნება, მზად ვარ, პირადი ავტომობილით დავეხმარო მას. მაგრამ ეს ემსგავსება მიზანმიმართულ პიარს, რაც არის ძალიან ცუდი. ვფიქრობ, რომ რობაქიძე ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა და შესაბამის განცხადებასაც გააკეთებს”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერის ავტომობილი, რომლითაც რობაქიძის საინიციატივო ჯგუფი თბილისიდან სააგიტაციო მასალების ჩამოტანას გეგმავდა, მოულოდნელად დაიწვა. შემთხვევა გუშინ, საღამოს 11 საათზე მოხდა. შსს-მ მომხდარზეგამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული ნორმა ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთით ისჯება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930