გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„nv.am“(სომხეთი): რატომ ფინანსდება ასე მცირე თანხით სომხური ეკლესია საქართველოს ბიუჯეტიდან? მე-18 საუკუნეში საქართველოში 650-მდე სომხური ტაძარი იყო

5-02-2018

სომხური გამოცემა «Новое время» არტემ ერკანიანის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი წუხს, რომ „საქართველოს ბიუჯეტიდან სომხური ეკლესია არაპროპორციულად მცირე თანხით ფინანსდება“.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


როგორც ცნობილია, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება თანხების გადანაწილების შესახებ, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყო იმ ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც რელიგიურმა გაერთიანებებმა საბჭოთა პერიოდში განიცადეს. ფულის ნაწილი სომხურ სამოქციქულო ეკლესიასაც გაუნაწილდა, მაგრამ რადგანაც საკითხი ზარალის ანაზღაურებას ეხება, უპრიანია კითხვა ასეთანაირად დავსვათ: რამდენად ტოლფასია გამოყოფილი თანხა იმ ზიანისა, რომელიც სომხურმა ეკლესიამ განიცადა? არის თუ არა კომპენსაცია ჭეშმარიტი?


საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა, რომელიც ფრიად განთქმულია თავისი სარწმუნოებრივი ტოლერანტობის ტრადიციებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ მშვიდად თანაცხოვრობდნენ ყველა ძირითადი კონფესიის მიმდევრები. ბოლშევიზმისა და კომუნისტური რეჟიმისაგან დაზარალდნენ როგორც მართლმადიდებლები და კათოლიკეები, ისე მუსლიმანებიც, იუდეველებიც, ებრაელებიც და სამოციქულო ეკლესიის სომხური მრევლი. ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის რესტიტუცია განხორციელდა, საპატრიარქოს ტაძრები, მიწები და სხვა ქონება დაუბრუნდა, მაგრამ ასეთი ყურადღების გამოჩენა სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არ მომხდარა. გარდა ამისა, აშკარად თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ქართული ეკლესია სახელმწიფოს ბიუჯეტისაგან უზარმაზარ დაფინასებას იღებს.


საქართველო საერო ქვეყანაა, რომელშიც ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყოფილია. წინა წლებში ყოველთვის იბადებოდა კითხვა: რატომაა, რომ კათოლიკეს, მუსლიმანის თუ იუდეველის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ ფულს მხოლოდ ქართული ეკლესია იღებდა, დანარჩენები კი ისე რჩებოდნენ? დასავლელ უფლებადამცველებს ასეთი სიტუაცია დისკრიმინაციულად მიაჩნდათ და რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო, საქართველოს ხელისუფლებამ 2014 წლის იანვარში მიიღო დადგენილება ნაწილობრივი კომპენსაციის თაობაზე - მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესიისათვის, მუსლიმანების, იუდეველებისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლისათვის.


საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანცა 1,8 მილიონ დოლარს უდრის. ჯერ-ჯერობით განაწილდა 1,4 მილიონი: მუსლიმანური გაერთიანება იღებს 880 ათასს, სომხური ეკლესია - 240 ათასს, კათოლიკური - 160 ათასს, იუდეველები - 120 ათას დოლარს. რელიგიის საქმეთა სააგენტოს განცხადებით, თანხების განაწილება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდა: პირველი - მიყენებული ზიანის მასშტაბი, მეორე - დაზარალებული კონფესიის მიმდევრების რაოდენობა.


სომხური ეკლესიისათვის ასეთი მიდგომა სრულიად სუბიექტური გამოდის. რატომ იღებენ მუსლიმანები ოთხჯერ მეტს, ვიდრე სომხები? ისინი ხომ საბჭოთა პერიოდში სომხებზე უფრო მეტად არ დაზარალებულან? გავიხსენოთ, რომ რევოლუციამდე თბილისში მხოლოდ ორი მეჩეთი არსებობდა, დღეს ორივე უვნებლად დგას და მოქმედებს. ამ დროს კი სომხურმა ეკლესიამ მხოლოდ თბილისში 26 ეკლესია დაკარგა. მაშ, რატომაა ასე ცოტა სომხური მრევლისთვის გამოყოფილი თანხა? კიდევ უფრო მეტი დისპროპორცია ჩანს კათოლიკეებთან მიმართებით: ისინი მხოლოდ ერთი მესამედით ნაკლებს იღებენ, ვიდრე სომხები და ეს იმ დროს, როცა მათ საბჭოთა ხელისუფლების წლებში მხოლოდ ხუთი ტაძარი ჩამოართვეს მთელ საქართველოში, სომხებს კი 170, როგორც მინიმუმი.

შეიძლება ქართველები ვატიკანის წინაშე თავის მოწონებას ცდილობენ, მაგრამ ეს სომხური ეკლესიის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.


2014 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგად, თავს მორწმუნედ სამნახევარი მილიონი მოქალაქე თვლის, აქედან 125 ათასი სომეხია (109 ათასი - სამოციქულო ეკლესიის, ხოლო 16 ათასი - სომხური კათოლიკური ეკლესიის მრევლი). ანუ სტატისტიკის გათვალისწინებით, ამ ორმა სომხურმა ეკლესიამ ქართული სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. ესე იგი, ხუთჯერ მეტი გამოყოფილთან შედარებით (საერთოდ კი, თანხა, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, მიყენებული ზარალის კვალობაზე).


მოკლედ, სომეხი მრევლი სამართლიანობის პრინციპის დაცვას ითხოვს: როცა სამოციქულო ეკლესიის მრევლის რაოდენობა მორწმუნეთა საერთო რაოდენობის 3,5%-ს შეადგენს, მაშინ სომხებისათვის გამოყოფილი თანხაც საერთო თანხის 3,5%-ს უნდა შეადგენდეს. სხვანაირად დისკრიმინაცია მოხდება.

მკვლევარების მტკიცებით, მე-18 საუკუნეში საქართველოში 650-მდე სომხური ტაძარი იყო. 1911 წელს, ოფიციალური მონაცემებით, სომხური სამოციქულო ეკლესიის თბილისის ეპარქიაში 177 ტაძარი ითვლებოდა. თვით თბილისში კი 28 სომხური ეკლესია მოქმედებდა, დღეს კი მხოლოდ ორია დარჩენილი: წმინდა ეჩმიაძინი, სადაც ეპარქიის ხელმძღვანელის რეზიდენციაა და წმინდა გევორქი, რომელიც ახლახან შეაკეთეს ქველმოქმედ რუბენ ვარდანიანის მიერ შეწირული ფულით. საქართველოს დედაქალაქში 13 სომხური ტაძარი დაანგრიეს, 7 - ქართულად გადაკეთდა, 3 - მიტოვებულია და არ მოქმედებს, 4 კი სადაოდ ითვლება. კარმირ ავეტარანის ეკლესია ვიღაცეებმა ააფეთქეს და ამის ჩამდენი დღთემდე ვერ იპოვეს. აი, ასეთი მემკვიდრეობა მიიღო სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის მეთაურმა ვაზგენ მირზახანიანმა. დღეს მის დაქვემდებარებაშია 32 ტაძარი, რომელთა დიდი უმრავლესობა სამცხე-ჯავახეთშია და ქვემო ქართლში. მათი შენახვა ყოველწლიურად სულ უფრო რთულდება. შექმნილ სიტუაციაში ვაზგენ მირზახანიანს სწორედ სახელმწიფოსაგან მიღებული ფულის იმედი აქვს.


მაგრამ საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოს დახმარებას შეიძლება ნეგატიური შედეგი მოჰყვეს. უფრო ზუსტად, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მთავრობამ სომხური ეკლესია თავისკენ გადაიბიროს და ლოიალური დამოკიდებულება მოითხოვოს. იქნებ სწორედ ამაში უნდა ვეძებოთ იმის მიზეზი, თუ რატომ თქვა იოლად უარი ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შარშან შემოდგომაზე გუმბურდოს სადაო ეკლესიაზე სამცხე-ჯავახეთში?


p.s. სათაური ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე ინტერპრეტირებულია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930