გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირმა ინაშვილი გამოდის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო გახდეს

30-04-2019

ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ბავშვთა სიღარიბეა, სკოლებში ე.წ. ნისიების რვეული არსებობს და ბავშვების მშობლები ვერ ახერხებენ თანხის გადახდას, ეს არის პარლამენტის თითოეული წევრის სირცხვილი, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე კოლეგებს.


პარლამენტის სხდომაზე ირმა ინაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო გახდეს.


„ორი წლის მანძილზე მუდმივად ვსაუბრობ ამ თემაზე და ბოლოს და ბოლოს ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს არის ბავშვთა შიმშილი და მათი სიღატაკე. ვნახეთ, რომ სკოლებში არსებობს ე.წ. ნისიების რვეული. ბავშვები ნისიად იღებენ სკოლაში ფუნთუშას, ხაჭაპურს და შემდეგ ვერც ახერხებენ მათი მშობლები თანხის გადახდას. ეს არის კატასტროფა, დიდი ტრაგედია და საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრის, საქართველოს მთავრობის სირცხვილი. დღეს მინდა, გამოვიდე ინიციატივით, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება გახდეს უფასო. გვაქვს ამის საშუალება. საქართველოს ბიუჯეტში არის საშუალება, გამოიძებნოს ეს სახსრები, გარკვეული გაანგარიშება გვაქვს ჩატარებული და მზად ვართ, ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე, რადგან არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი თემა ქვეყანაში, ვიდრე არის ბავშვთა სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.


„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის თქმით, „ხელისუფლება ამბობს, რომ 146 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას იღებს, რომ გამოვიანგარიშოთ, დღეში ბავშვზე ორი ლარიც არ არის.

„დარწმუნებული ვარ, რომ მარტო მე არ ვიღებ ბავშვებისგან მთელი საქართველოს მასშტაბით გზავნილებს – მშია. ხელისუფლება ამბობს, რომ 146 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას იღებს. ეს ჩვენ რომ გამოვიანგარიშოთ, დღეში ბავშვზე ორი ლარიც არ არის. გეკითხებით, თქვენს შვილებს, დღეში ორი ლარი ჰყოფნით? ან მინისტრების შვილებს ჰყოფნით დღეში ორი ლარი? როგორ შეიძლება დღეში ორი ლარი ჩვენი თანამოქალაქეების შვილებს ეყოთ. ეს არის მოწოდება პირდაპირ პრემიერ-მინისტრისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი და ასევე ეკონომიკური გუნდისადმი, რომელიც პასუხისმგებელია ამაზე. აუცილებელია, სასწრაფოდ მიიღოთ გადაწყვეტილება, კონკრეტული გეგმა დადოთ და წარუდგინოთ პარლამენტს, როგორ უნდა დაძლიოთ ბავშვთა შიმშილი ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მშიერი ბავშვების მშობლების დასაქმება იყოს უზრუნველყოფილი და კონკრეტული პროგრამა გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 10 ათასი ოჯახისთვის პატარა საოჯახო ბიზნესის აწყობას და ჩუქებას ამ ოჯახებისთვის. ბიუჯეტში არის ფინანსური ვაკუუმიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნატო-ს სტანდარტის თანახმად, მშპ-ს 2,2 პროცენტი მიდის თავდაცვაზე. ჩვენ ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ვართ და მაინც ამ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს მილიარდი ლარი რომ არის სტანდარტით გათვალისწინებული და ნატო არ გვიღებს, ჩვენი შვილები არ გვყავდეს მშიერი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არის უამრავი გამოწვევა, სისხლში ტყვიის შემცველობა, რისთვის გინდათ ეს კანონები, ეს სახელმწიფო, ამდენი დებატი და ჩხუბი, თუ ჩვენი შვილები აბსოლუტურად დაუცველები იქნებიან ქართული სახელმწიფოს მხრიდან და იცხოვრებენ შიმშილში. სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“. ხაზს ვუსვამ, რომ შვიდი წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს, რათა ბავშვები გადავარჩინოთ შიმშილისგან. სამაგიეროდ, სამინისტროები ბიუჯეტის ფულით მოხალულ თხილსა და ტუალეტის ქაღალდს ყიდულობენ. ტონა ტუალეტის ქაღალდს ნუ იყიდით და ბავშვებს აჭამეთ საჭმელი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031