1-05-2019
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაზე თანდათანობით აქტიურდება. ნატოში არ მალავენ, რომ ეს არის რეაქცია რუსეთის აგრესიულ მოქმედებაზე, რომელმაც ყირიმის მილიტარიზაცია განახორციელა და ქერჩის სრუტეში ინციდენტის ინიციატორი გახდა. ამასთან, ექსპერტების თვალსაზრისით, ბრიუსელის მცდელობები არასაკმარისია - ნატომ, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, კრემლის აგრესიულ განზრახვებს საკადრისი და ადექვატური პასუხი უნდა გასცეს. თუმცა, როგორც ჩანს, არცერთი მათგანი, ამისათვის ჯერ მზად არ არის. ალიანსი ასევე მზად არ არის თავის რიგებში საქართველოსა და უკრაინის მისაღებად და რუსეთთან არსებული პრობლემის მოსასგვარებლად. ამას ჩვენთან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ექს-მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუც ადასტურებს“, - აღნიშნულია უკრაინულ გამოცემაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ნატო როგორც სამხედრო ორგანიზაცია, 70 წლიანი ისტორიის მანძილზე უფრო სუსტი გახდა...
- აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამონათქვამები საერთოდ პარადოქსულია. პირიქით, ნატო დღეს ძლიერია როგორც არასდროს... იგი თვლის, რომ ამერიკისათვის ნატოს შექმნა ცუდ გარიგებას წარმოადგენს. მაგრამ, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ისტორიაში კარგად ვერ ერკვევა. ნატოს შექმნით აშშ-მა ბევრად მოიგო - ისევე, როგორც მისმა მოკავშირეებმა. ამიტომაც ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ დონალდ ტრამპი რაღაც ისეთს გააკეთებს, რომ ნატოს მთელი პროგრესის ნიველირებას მოახდენს.
- ვისაუბროთ ნატოს გაფართოების პერსპექტივაზე. როგორ შეუძლიათ საქართველოსა და უკრაინას რუსეთის ფარული ვეტოს გადალახვა და ნატოში გაწევრიანება?
- ალიანსმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. ეს ძალიან პრინციპული დაპირებაა, მაგრამ ისმება კითხვა: როგორ შეიძლება მისი პრაქტიკული განხორციელება? სამწუხაროდ, დაპირების რეალიზება ძალზე რთულია, რადგან ის არამარტო პრაქტიკულია, არამედ პოლიტიკურიც და, შესაბამისად, უშუალოდ ეხება უსაფრთხოების ფაქტორს. მართლაცდა, როცა ნატო თავის რიგებში ახალ წევრებს იწვევს, მას პასუხი უნდა ჰქონდეს კითხვაზე - „არსებობს თუ არა ახალი წევრების დაცვის სტრატეგია?“, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესაძლებელია თუ არა ახალი წევრების მიმართ გამოყენებულ იქნეს ნატოს წესდების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, საქართველოს ან უკრაინას რომელიმე ქვეყანა თავს დაესხმება? ჩემი აზრით, გადაწყვეტილება [თეორიულად] არსებობს, მაგრამ რეალურად დღეს ნატო იმ სტადიაში არ არის, რომ მასზე იმსჯელოს. ამჟამად რუსეთთან დამოკიდებულება იმდენად ცუდი და კონფრონტაციულია, რომ ნატოს წევრების უმრავლესობა ცდილობს, საკითხის განხილვა გადადოს.
წყარო: «Сегодня» (უკრაინა)