გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: რესპუბლიკელების სიტყვების გამეორებაც კი მკრეხელობაა

1-05-2019

„გავეცანი რესპუბლიკური პარტიის მესვეურების სააღდგომო ფბ ეპისტოლეს პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პატრიარქი არის ფსევდოპატრიოტი, შუასაუკუნეებში ჩარჩენილი მარაზმატიკოსი, რომელიც ეროვნულ დონეზე აიგივებს მართლმადიდებლობას და ქართველობას (თურმე!), ერჩის ცოდნას და 21-ე საუკუნეს და რომელსაც თურმე ნიღაბი უნდა ჩამოხსნან...“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ სიტყვების გამეორებაც კი მკრეხელობაა.. მაგრამ აუცილებელია პასუხის გაცემა ნებისმიერ სიმდაბლეზე, რადგანაც თანამედროვე პოლიტტექნოლოგიები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთობ დაიხვეწა, განსაკუთრებით კი მისი ბოროტი და მავნებლური გამოვლინებებით. ამ ტექნოლოგიაში ზოგის როლი ამომრჩევლის ხმებზე ნადირობაა, ზოგის გინება და ოპონენტის შეურაცხყოდა, ზოგის კი იმგვარი ძირგამომთხრელი საქმიანობა, რაც არაფერ წმინდას არ დატოვებს, ამომრჩეველს დაქსაქსავს და უნდობლობას გააღვიძებს. რესპუბლიკელებმა მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ეს როლი აირჩიეს, სამწუხაროდ სიამოვნებით.


სადღეისოდ მხოლოდ პატრიარქის ღია და ულმობელი ლანძღვა დარჩა ამ პარტიის 41 წლიანი მოღვაწეობიდან, მისი 41 წლის თავმჯდომარეც სიამოვნებით ჩაერთო საქართველოს პატრიარქის განქიქებაში, რომელსაც მისი ასაკის მარტო საპატრიარქო მოღვაწეობის სტაჟი აქვს.


1700 წელია რაც საქართველოს ეკლესია ქვეყნისა და მისი სახელმწიფოებრიობის განუყრელი ნაწილია, რომელმაც ყველა ჭირ-ვარამი გადაიტანა საკუთარ ზურგზე. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ქართული ეკლესიის მესაჭე მღვდელმთავრის რანგში ეზიდება ამ უმძიმეს ტვირთს, უპრეცედენტოდ რთულ დროსა და ეპოქაში. ამ ტვირთმა წაიღო მისი ცხოვრება, ამ ტვირთმა მოხარა და შეიწირა მისი ჯანმრთელობა, ამ ტვირთმა აქცია მისი ყოველი დღე ჯვარცმად და გოლგოთად და მხოლოდ გარდაუვალი აღდგომის რწმენამ, იმედმა და სიყვარულმა არ გატეხა, არ დასცა, არ მოდრიკა.


ადამიანი ადამიანისთვის მგელია - Hommo Homini Lupus Est, თავის ქადაგებებში ხშირად იხსენებს ამ რომაულ გამოთქმას და ამბობს, რომ არ შეიძლება ასე ცხოვრება, რომ ქრისტიანობა სხვაა, თანაგრძნობითა და ერთსულოვნებით განმსჭვალული ერთობა. თუ მაინცდამაინც რომაელებს მივადგებით, არანაკლებ ხშირად ამბობს, რომ დრონი იცვლებიან და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც - Tempora Mutantur et Nos Mutamur in illis. მისი მაკრიტიკებლები და მოძულენი არც მის ქადაგებებს უსმენენ, არც ქრისტეს და სარწმუნოებას მიიჩნევენ მნიშვნელოვნად და არც იმას დაგიდევენ, რომ ტყუილითა და სიცრუით სავსე სასტიკ დროში, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთაგან გაბითურებულ მოსახლეობას ერთი ადამიანის ღვაწლმა საქართველოს განცდა და ქართველად ყოფნის იდენტობა შემოუნახა, ნებისმიერი ქართველი თავის შვილად მიიღო, არასდროს გახდა მხარე და არ წაახალისა მავანის ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი მეორე მხარის დაჯაბნვისა და განადგურების ხარჯზე.


მართლმადიდებელ პატრიარქს უკრძალავენ პოლიტიკურად გაკოტრებული პირები ათეიზმის მიუღებლობაზე საუბარს. სასაცილოა და მხოლოდ მის მოძულეთა რაობას ამხელს პასუხის კადნიერება, სიძულვილი და სისასტიკე. ნუთუ შესაძლებელია რომ ქართველმა ადამიანი ესე მოიქცეს? ნუთუ ესაა ქართველობა? ნუთუ შეიძლება სიტყვა ასე ესროლო მხცოვან პატრიარქს და არც კი დაფარო რომ მისი სიკვდილი გსურს? რითია ეს საქციელი იმაზე ნაკლები, რითი განსხვავდება ეს შხამიანი ისარი იმ ტყვიისგან, რაც ფარულად ესროლეს საუკუნის წინ წიწამურთან ყველაზე დიდ ქართველს, იქაც ილიას? განსხვავებული აზრი, შეხედულება, პოზიცია არ აპატიეს და სწორედ მისი მდგომარეობის შურმა გამოაკვრევინათ თითი სასხლეტზე.


ტყვიის ეპოქიდან სიტყვის ეპოქაში მოვედით, თუმცა რა შეცვლის ადამიანის ბუნებას და მის ქმედებებს. დრომ და საქმეებმა გამოაჩინოს ყოველი.
მოძულენი პასუხად მიიღებენ სიბრალულს და რომაულ ფრაზას - Quo usque tandem abutere, Catilina, patientia nostra?“-წერს ანალიტიკოსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930