გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია შეწყდა, თუმცა არ შეწყვეტილა იმპორტი

2-05-2019

დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველი თემატური მოკვლევა ჩაატარა.


თემატური მოკვლევის ანგარიში 6 მაისს ბიუროს სხდომას წარედგინება.


საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ბრიფინგი გამართა.


"პირველი თემატური მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესწავლასთან დაკავშირებით ჩავატარეთ. თემატური მოკვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან თანამშრომლობით და მათ დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესს ახლდა, ეს იყო მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა. ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 20 დასაბუთებული მოსაზრება და გვქონდა დაახლოებით 19 ზეპირი მოსმენა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მართალია თემატური მოკვლევა შეეხება ატმოსფერული ხარისხის მდგომარეობას თბილისში, თუმცა მოიცვა სხვა საკითხებიც, რომლებიც დაკავშირებული იყო მთლიანად ჰაერის საკითხის ხარისხთან", - განაცხადა კახა კუჭავამ.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უმთავრესი რეკომენდაცია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება არის ის, რომ მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ერთიანი ეროვნული მიდგომა ამ საკითხისადმი - გაუმჯობესდეს კოორდინაცია იმ უწყებებს შორის, რომლებიც ამ საკითხში არიან ჩართული, იქნება ეს მონიტორინგი თუ აღსრულების ნაწილში.


"აუცილებელია შემუშავდეს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვადებში იქნება გაწერილი და გვეცოდინება თუ რა ღონისძიებები განხორციელდება იმისათვის, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩავანაცვლოთ საქართველოში არსებული ავტოპარკი. რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება ის ფაქტი, თუ კი ეს პროცესი დაიწყება სახელმწიფო უწყებებში არსებული ავტოტრანსპორტის ჩანაცვლებით, რომელიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს", - განაცხადა კახა კუჭავამ.


მისი ინფორმაციით, საკომიტეტო მოკვლევისას აღმოჩენილი იყო შემდეგი ძირითადი მიგნებები: ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამბინძურებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, მშენებლობები, სამშენებლო მტვერი და ბუნებრივი მტვერი. ასევე დგას გამწვანების, ტენიანობის და ქუჩების მორწყვის პრობლემა, საწვავის ხარისხი, მონიტორინგი საწვავის ხარისხზე. გარდა ამისა იყო ახალი, მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, როგორიცაა თბომომარაგების ქვაბების პრობლემა, აზბესტის ხუნდები, რომლებიც კახა კუჭავას თქმით, სამწუხაროდ, სახელმწიფო შესყიდვებითაც კი ხორციელდება დღესაც და ჰაერში მავნე ნაწილაკების გაფრქვევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, პრობლემაა საბურავები, პიროტექნიკა, ფოიერვერკები და სხვა.


"საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია შეწყდა, თუმცა, სამწუხაროდ, არ შეწყვეტილა იმპორტი და აუცილებელია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რომ აზბესტთან დაკავშირებული პრობლემა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


ანგარიშის მიხედვით ცალკე თავი ეთმობა დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. დეტალურად მიმოხილულია ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია დაბინძურებული ჰაერით გამოვლენილ პრობლემებთან, და ასეთი დაავადებების ყველაზე დიდი ნაწილი თბილისზე მოდის.


"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს ყველა, ვგულისხმობთ ამ ანგარიშით წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების პროცესს. რეკომენდაციებში მითითებულია კონკრეტული ვადები, ის უწყებები, რომლებმაც უშუალოდ უნდა განახორციელონ ეს რეკომენდაციები. იმ შემთხვევაში თუ ისინი თვლიან, რომ ესა თუ ის რეკომენდაცია ვერ იქნება ამ ვადაში გათვალისწინებული, ან მიზანშეუწონლად მიაჩნიათ, აუცილებელია არგუმენტირებულად დაასაბუთონ და ამის შესახებ წარმოუდგინონ ანგარიში კომიტეტს და თუ საჭირო იქნება გაიმართება დამატებითი საკომიტეტო მოსმენები ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კუჭავამ.


კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში - დონორ ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებებს. "ძალიან საინტერესო იყო ზეპირი მოსმენები, რომლებიც ახლაც არის ხელმისაწვდომი ვებგვერდის მეშვეობით და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, ამ რეკომენდაციების შესრულებით, თბილისში ძალიან მალე მივიღებთ სუფთა ჰაერს", - განაცხადა კახა კუჭავამ. ბიუროს სხდომაზე წარდგენის შემდეგ ანგარიში პარლამენტის ვებგვერდზე აიტვირთება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30