გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ადამიანები, რომლებიც სხდომათა დარბაზში მხოლოდ იმისთვის შემოდიან, რომ პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, მომავალს ვერ შექმნიან

2-05-2019

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ შინაარსობრივ ნაწილზე რეაქცია არ ჰქონიათ და პოლიციას, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს, შეურაცხყოფა მიაყენეს.


„პირველ რიგში მინდა მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ასევე, მინდა მივმართო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, თითოეულ მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას დღეს საოკუპაციო ხაზთან და პატრულირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ რიგით თანამშრომელს და მინდა გითხრათ, რომ დღეს, ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, ამ ქვეყანას უნდა მოვუაროთ ჩვენ ყველამ ერთად, იმიტომ, რომ სხვანაირად ის რაც დღეს აქ ხდება: როდესაც ადამიანები ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიის ეკრანებზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ - ეს ადამიანები ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან და ამ ადამიანებს ამ მომავლის შექმნის საშუალება ჩვენ უბრალოდ არ უნდა მივცეთ. ახლა რაც შეეხება იმას, რაც დღეს აქ მოხდა, მე აშკარად დავინახე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია მარტივად, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული, ინდივიდუალური ადამიანების ტრაგედია და ეს გააკეთოს მარტივად, მიზანმიმართულად, დაგეგმილად და ამით ეცადოს მიიღოს პოლიტიკური დივიდენდი. ყველაფერი ამისათვის, რაც აქ მოხდა, თითოეულ პოლიციელს მე მინდა მოვუხადო ბოდიში. მეგობრებო, თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეთ, რომ უდიდესი ღირსებაა ემსახურო საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას, მის ჯანმრთელობას და მის ხვალინდელ დღეს. ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ებრძვით ხანძარს, იცავთ საზღვარს, დგახართ საოკუპაციო ხაზზე, ებრძვით კრიმინალს - ეს არის უდიდესი ღირსების მატარებელი საქმე და მოგიწოდებთ ყველას, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ უფრო მხნედ, ორჯერ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ეფექტურად იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივცეთ საშუალება მათი ხვალინდელი დღეს იყოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა შეძლოს იზრუნოს თავის შვილზე, თავის ოჯახზე და შექმნას კეთილდღეობა ხვალინდელი დღისთვის. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა ეს გამოწვევები იზრდება. დღეს, მოვედით და ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ვისაუბროთ და ამაზე არავის არანაირი რეაქცია არ ჰქონია. მაშინ როდესაც ვამბობთ, რომ ის რაც გავაკეთეთ სტატისტიკის ნაწილში, ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ანალიზზე დაფუძნებული შემდგომი, მეორე ნაბიჯი გაგვეკეთებინა, გადაგვედგა სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების ნაწილში და ოპოზიციას ვუთხარით, მოდით ხალხნო, ერთად ვიმსჯელოთ - ამაზე საერთოდ საუბარი არ ყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი მოსახლეობის ხვალინდელი დღის უსაფრთხოებაზე და ამ ტრიბუნიდან, სადაც შინაარსობრივად უნდა ვილაპარაკოთ, ვამბობთ, რომ ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა რაღაც ნაწილში გამკაცრდეს და რაღაც ნაწილში გახდეს უფრო ეფექტური - ამაზე რეაქცია არ არის. მე, არა როგორც მინისტრი, არამედ როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელმაც სხვათა შორის, ამ პარლამენტს ხმა მისცა (ისევე როგორც ამ პარლამენტის 3 დღით არჩეული წევრი ვიყავი), კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმ ფაქტს, რომ ყველაზე დიდი რისკი და შეცდომა არის ის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია. ეს არის უდიდესი რისკი ამ ქვეყნისთვის, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად თქვა და გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს როგორც საპარლამენტო დემოკრატია. რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, უბრალოდ შინაარსს უკარგავს იმას, რომ პარლამენტში საერთოდ შესაძლებელია შინაარსობრივ, პოზიტიურ დღის წესრიგზე მუშაობა და მე ეს დღეს აშკარად დავინახე. ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი არის პოლიტიკური დღის წესრიგი, ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ მაისში არჩევნებია, ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ არჩევნები 2020-ის სულ ახლოს არის. მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ყველასი - თითოეული მოქალაქის. მათ შორის იმ ადამიანების, რომლებმაც „მიჩმორებულები“ დაუძახეს დღეს აქ პოლიციას და დამიდასტურეს, რომ ეს ხალხი დღეს ჩვენ გვყავსო. თქვენ იქნებით ვალდებული, რომ ეს ხალხი მე მოიყვანოთ და მანახოთ, რომელმა პოლიციელებმა განგიცხადეს თქვენ, რომ ისინი „მიჩმორებულებად“ გრძნობენ თავს. ეს პოლიცია არის ყველასი და ჩვენი ყველას საერთო მიზანია მიუხედავად იმისა, ამ ბატონებს რა სურთ, გახლავთ ის, რომ პოლიტიკურად პოლიცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური და პოლიცია უნდა იყოს ეფექტური. გმადლობთ ყურადღებისათვის და იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე შემეძლება რეალურ პრობლემებზე ვისაუბრო“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930