გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თალაკვაძე: განსაკუთრებით გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, რათა მათ დააკმაყოფილონ ENQA-ის სტანდარტი

3-05-2019

"განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობით საქართველო ევროპულ თანამეგობრობას კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი - განათლების მიმართულებით უერთდება", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში წევრობას.


"ეს ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება და უდიდესი წარმატებაა, რაც ევროპელ ლიდერებთან პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიზანმიმართულ, დაუღალავ მუშაობას მოჰყვა, რათა ხორცი შესხმოდა ამ ეროვნულ იდეას, რომლის ფარგლებში ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაიხარჯება. ეს ნიშნავს, რომ ევროპა აღიარებს საქართველოს ავტორიზებული სასწავლებლებისა და აკრედიტებული პროგრამების კვალიფიკაციებს, დიპლომებს, ანუ, ქართული განათლების ევროპულ ხარისხს. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საქართველო იბრუნებს საგანმანათლებლო კერისა და ცენტრის სტატუსს რეგიონში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისი თქმით, განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობა იმის დასტურია, რომ განათლების რეფორმამ სწორი სტარტი აიღო.


"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს განათლების სისტემა ხარისხზე აქცენტით იწყებს. განსაკუთრებით გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, რათა მათ დააკმაყოფილონ ENQA-ს სტანდარტი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) წევრობას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისტორიული უწოდა.


"საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ENQA-ში გაწევრიანებით საქართველომ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების სტანდარტი იყოს ძალიან მაღალი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930