4-05-2019
ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებსა და თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს. კანონის ოპონენტები და უპირველეს ყოვლისა „ქ/ოცნები“-დან გასული დეპუტატები ხალხზე აპელირებას აპირებენ.
რატომ ვერ და არ ირწმუნებს საზოგადოება „ქ/ოცნების“ დისიდენტთა მოტივაციას და გულწრფელობას მოსამართლეებთან მიმართებაში?! რატომ ვერ შეძლებენ ისინი ფართო საზოგადოებრივი პროტესტის აგორებას ამ თემაზე? იმიტომ, რომ საზოგადოებას დიდი ალბათობით გაუჩნდება ის კითხვა, რასაც ეს დისიდენტები ერთ დროს თავად უსვამდნენ ოპონენტებს: „სად იყავი და რატომ დუმდი მაშინ?“
გარკვეული დრო დავუთმე ამ საკითხის შესწავლას და ერთ კონკრეტულ შემთხვევას მოგიყვანთ. 2017 წლის 11 მაისს მიხეილ ჩინჩალაძე (სასამართლოს „კლანის“ ერთ ერთი ლიდერი) უვადოდ(!!) დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
მოსამართლედ
http://liberali.ge/…/tbilisis-saapelatsio-sasamartlos-tavmj…
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სისტემაში ფლობს ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ ბერკეტებს.
„ქ/ოცნების“ არცერთ (!!) დეპუტატს, მათ შორის „დისიდენტებს,“ რბილი პროტესტიც კი არ გამოუთქვამთ ამის გამო. საჯარო სივრცეში არათუ ამ ამ ამბავზე არ იძებნება მათი განცხადებები, არამედ საერთოდ სასამართლო სისტემაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციაზეც კი არ დაუძრავთ სიტყვა 2018 წლის დეკემბრამდე. ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნაზე განგაში ატეხეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დღეს მათ ყველაზე ლეგიტიმური უფლება აქვთ ამ თემაზე იხმაურონ.
რატომ არ იღებდნენ ხმას „დისიდენტები“? სავარაუდოდ არ ეთმობოდათ ის უჩვეულოდ დიდი კომფორტის ზონა, რომელშიც აღმოჩნდნენ. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ დათმეს ეს კომფორტის ზონა ეხლა? დიდი ალბათობით ეს უკავშირდება დედა-პარტიასა და მათ შორის წარმოშობილ სხვა ტიპის სერიოზულ უთანხმოებებს. თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება რომ გვიან გაეხსნათ გონი. ან მიხვდნენ (შეიძლება მიახვედრეს), რომ 2020 წელს „ქ/ოცნების“ რჩეულებში მათი ადგილი აღარ იქნებოდა", - წერს ანჯაფარიძე.