4-05-2019
ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ფილოსოფიის დოქტორის ლაშა ბაქრაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება, რომელიც კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ების გაერთიანებას ეხება.
„ლაშა, მეორე მუზეუმის დირექტორი ხარ, რომელიც ჩვენს ბოსტანში ქვებს ისვრი ისე, რომ არც კი გვეკითხები ჩვენს მოსაზრებას, ან შეიძლება სულაც ფიქრობ, რომ რადგან ხმას არ ვიღებთ, არგუმენტები არ გაგვაჩნია! ძალიან კარგად იცი, რომ ეს გაერთიანება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას სულაც არ გავდა, ისიც კარგად უწყი, რომ მოსალოდნელი გაერთიანების ყველა სუბიექტის ხელმძღვანელს შეგვხვდნენ და ამ მოსალოდნელი რეფორმის შესახებ გვესაუბრნენ, დღეს გულში მჯიღის მცემელნი მაშინ სულ სხვანაირად საუბრობდნენ! პირდაპირ გეტყვით, არ გეკადრებათ ჩვენი მისამართით თითის გამოშვერა და ალმაცერად გამოხედვა, მით უფრო როცა იცი რომ ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა! ახლა იმაზე თუ რატომ მოხდა, ის რაც მოხდა?! (ხაზგასმით ვამბობ რომ აზრს მხოლოდ ჩემი დარგის შესახებ მოგახსენებ)! ყველამ კარგად ჩაიხედოს საკუთარ თავსა და აქტივობაში და იქ ეძებოს მიზეზები, ყველა დამრიგებელმა თუ ჭკუის მასწავლებელმა კარგად გაიხსენოს საიდან დაიწყო, სად მივიდა და მერე ჩვენთან გაავლოს პარალელი, ჩვენთან მიმართებაშიც გაიხსენოს საიდან დავიწყეთ და სად მოვედით! არ გეკადრებათ და ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისაგან მითითებსა და ჭკუის სწავლებას რომელსაც დღემდე არ გააჩნია საკუთარ მუზეუმში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, არადა ამას ნამდვილად იმსახურებს, დარგი რომელსაც ხელმძღვანელობთ, ვერ მივიღებთ მითითებებს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ერთ მუზეუმში ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო, მეორეგან კი დირექტორი, ვერ მივიღებ რეცეპტებს იმ „ექსპერტისაგან“, რომელიც წლები ხელმძღვანელობდა მუზეუმს და როგორი დანგრეულიც ჩაიბარა, ისეთივე დანგრეული დატოვა, დირექტორის სკამიდან „ექსპერტის“ სავარძელში გადაინაცვლა და ახლა მე მასწავლის ჭკუას როგორ მოვიქცე! არ იცი? ლაშა, შენ პირადად არ ესწრებოდი შეხვედრას სადაც საუბარი იყო რეფორმაზე?! და თუ ესწებოდი დღეს რატო გაგახსნედა ამ საკითხის ვითომდა „სიმწვავე“? ისევ ვიტყვი, ვიღაცეებს ძალიან ადვილად ხელწამოსაკრავი გეჩვენებათ ჩვენი ინსტიტუცია და ეგრე არ არის, რა ლოგიკითაც ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი, ზუსტად იმ ლოგიკით მოხდა ჩვენთან სხვების გაერთიანება, ჩვენთან რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაგვაჩნია! თამამად ვიტყვი რომ დღევანდელ საქართველოში ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამუზეუმო ინსტიტუცია ვართ, მსოფლიო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულები, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები, ჩვენი კოლექციები მოვლილია უმაღლეს დონეზე, მარტო გასულ წელს 68 ათასზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ! არადა ყველაფერი დავიწყეთ 8 წლის წინ ნანგრევებიდან, ამიტომ ამ ახლად შემოერთებულებს უკეთესს მომავალს შევთავაზებთ და არა უარესს, არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით არავისთვის არაფერი გვითხოვია, ამ დამატებითი შრომისათვის არც ხელფასს გვიმატებს ვინმე და არც ჩინ მედლებს, ასე რომ, მგონია, სამუზეუმო მენეჯმეტში ხელის შეშველებას და გამოცდილების გაზიარებას აქეთ უნდა გვთავაზობდნენ, იქით არავისთან არაფერი გავქვს სახვეწარი, ჩვენი კოლექციებიც გვყოფნის, გაქანებაც და სამომავლო საქმეც. მეჩვენება, რომ გგონია, რადგან დუმილს ვინარჩუნებდი უუფლებო ვარ და უსიტყვო! რომ იცოდე ეგრე არ არის!“, - წერს გიორგი კალანდია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება. ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და გაერთიანდებიან ერთ ორგანიზაციად.