5-05-2019
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" საკადრო ცვლილებეთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ გაწერილია 2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამა და თუ რომელიმე რგოლი ამ პროგრამის რომელიმე ნაწილის შესრულებას ვერ შეძლებს, მიღებული იქნება საკადრო გადაწყვეტილებები.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
„მე და ჩემმა გუნდმა წარვადგინეთ სამთავრობო პროგრამა საქართველოს პარლამენტში, როდესაც მოხდა ახალი მთავრობის დამტკიცება. ჩვენ გვაქვს გაწერილი ჩვენი პროგრამა, 2019-2020 წლებზე. ჩვენი საბიუჯეტო რესურსი ამ ორი წლის განმავლობაში იქნება დაახლოებით 26-27 მილიარდი ლარი. ბუნებრივია, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამ რესურსით შევძლებთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა პრობლემის დაძლევას. მაგრამ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობა გავაუმჯობესოთ, შევეხიდოთ მათ იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც სამწუხაროდ ობიექტურად დღეს საქართველოში გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებაც არის ასეთი, რომ თუ რომელიმე რგოლი ამ პროგრამის შესრულებისას, რომელსაც ჭირდება საკმაოდ სწრაფი ტემპები, რომელსაც ჭირდება მენეჯმენტის ძალიან მაღალი ხარისხი, ვერ შეძლებს რომელიმე ნაწილის შესრულებას, რა თქმა უნდა ჩვენ ვართ გუნდი და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მათ შორის ეს იქნება საკადრო გადაწყვეტილებები" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
13-01-2025