გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია საფრანგეთის შს მინისტრთან შეხვედრაზე: უვიზო მიმოსვლა არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა

10-05-2019

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა ორ ქვეყანას შორის დღეს მიღწეული შეთანხმების კონკრეტულ მნიშვნელობას.


"ამ შეთანხმებას ძალზედ პრაქტიკული ასახვა ექნება იმ პრობლემებზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან 2 ოფიცრის წარგზავნას პარიზში, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ იქნებიან ჩართულნი საგამოძიებო ჯგუფებში, საგამოძიებო პროცესში, იმისთვის, რომ ის დანაშაული, რომელშიც არსებობს ეჭვი, რომ ჩართულები იყვნენ ქართული წარმომავლობის დამნაშავეები, მათ თავიანთ ფრანგ კოლეგებთან ერთად გამოიძიონ უფრო ეფექტურად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს გვყავს საფრანგეთში პოლიციის ატაშე, თუმცა მისი ჩართულობის ხარისხი უბრალოდ არ არის საკმარისი და ამიტომ გადაწყდა გაფორმებულიყო ეს შეთანხმება, რომელიც მოგვცემს ამის საშუალებას -ორი ქართველი გამომძიებლის იქ ყოფნის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უწყებებს შორის, უკვე სრულფასოვნად მოხდება ინფორმაციის გაცვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ორი უწყება - ქართული პოლიცია და ფრანგული პოლიცია, ერთობლივად გამოიძიებენ და ერთობლივად ჩაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს იმ დანაშაულთან მიმართებაში, რომელშიც ეჭვმიტანილები შეიძლება იყვნენ ქართული წარმომავლობის დამნაშავეები.


რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლების კონტექსტს. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლა მართლაც არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა და შესაბამისად, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის რას ნიშნავს ეს მიღწევა. არც ერთ შემთხვევაში, ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს "ვიზეარი", მაგრამ ეს ახლა ოფიციალურად გაფორმდა. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი საქართველოში, ასევე, ქართული საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი საფრანგეთში, პარიზში, ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, იმისთვის რომ, ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ, თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში.


მე ვფიქრობ, რომ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა და რაც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე, პრევენციულად ერთად უნდა ვებრძოლოთ, იმიტომ რომ ორგანიზებული დანაშაული, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთლიანად ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა, თანამშრომლობის გარეშე ბრძოლა გაუჭირდება ცალკე აღებულ ქვეყნებს. ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორიც არის საფრანგეთი. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ ერთი პრაქტიკული წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, უფრო მეტად დავაზღვიოთ ერთმანეთი ჩვენც, თავშესაფრის მაძიებლების კონტექსტში და ნაკლები პრობლემები შევუქმნათ ქართულ-ფრანგულ საემიგრაციო სამსახურებს, და რა თქმა უნდა, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, რომელიც ძალზედ დიდ რისკებს ქმნის ტერორისტული მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031