გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა

10-05-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობებს ნიკოლოზ ალავიძე და დავით თვალაბეიშვილი იკავებენ.

ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.


ნიკოლოზ ალავიძის მუშაობის ძირითადი მიმართულება იქნება - საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ინვესტორებთან. დავით თვალაბეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობის პრიორიტეტი საინვესტიციო პოლიტიკის ნაწილში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებებია, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს შესთავაზებს ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებულ საინვესტიციო პოლიტიკას. "ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან და განსაკუთრებული უფლებები, მოვახდინოთ კოორდინაცია ყველა სხვა უწყებაში, იგულისხმება როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებები, ასევე თვითმმართველობები. ამისთვის შემოღებულ იქნა მინისტრის მოადგილის სპეციალური პოსტი, სადაც დღეს პრემიერის გადაწყვეტილებით დაინიშნა ჩემი ახალი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე", - აღნიშნა მინისტრმა.


ნიკოლოზ ალავიძე საჯარო სექტორში ბიზნესიდან მოდის - ის შპს Altitude, Altihut 3.014-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე. ამასთან, მას აქვს კერძო სექტორში სხვა კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა პერიოდში ის იყო Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, "თიბისი ბანკის" რეგიონული კორპორატიული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი, შპს ვექტორული მართვის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, "საქართველოს ბანკის" რეგიონული კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის უფროსი და ა.შ.


ნიკოლოზ ალავიძე 1994-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. 2012 – 2015 წლებში სწავლობდა - Grenoble Graduate School of Management, გრენობლი, საფრანგეთი, მაგისტრის ხარისხი ინოვაციურ მენეჯმენტში.


რაც შეეხება დავით თვალაბეიშვილს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ის ენერგეტიკის სფეროში გამოცდილი ადამიანი, მაღალი კლასის პროფესიონალია. "ის კარგად ფლობს როგორც გაზის თემატიკას, ასევე ელექტროენერგიის სფეროს, ანუ კომპლექსური პროფესიონალია. მისი მთავარი დავალება იქნება, დააჩქაროს ენერგეტიკის სფეროში დაწყებული რეფორმები - ჩვენ ძალიან ამბიციურ რეფორმას ვახორციელებთ, რომლის ამოცანაცაა ჩვენი ენერგეტიკის ტრანსფორმაცია ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


დავით თვალაბეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930