11-05-2019
გუშინ ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. ხმის მიცემის პროცესში პარტნიორობის 76 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა. არჩევნებში საქართველომ გაიმარჯვა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით იქნა არჩეული.
კომიტეტის წევრად ასევე აირჩიეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ინდონეზიის რესპუბლიკა. ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი ორგანო განახლებული შემადგენლობით მუშაობას 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად პირველად 2014 წელს აირჩიეს. 2016 წელს საქართველო კომიტეტის თავმჯდომარის - საფრანგეთის თანა-თავმჯდომარედ იქნა არჩეული, 2017 წელს კი საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიცია ჩაიბარა.
OGP-ის მმართველი კომიტეტის ფუნქციებს შორისაა ღია მმართველობის პარტნიორობის მართვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, საქმიანობის დაგეგმვა და უზრუნველყოფა. მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში OGP-ის წევრი 11 ქვეყანა მონაწილეობს. ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 80 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.
13-01-2025