გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველი არხის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა უარი თქვა

12-05-2019

სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის შეთავაზებას უკვე გამოეხმაურნენ ზუგდიდის მერობის კანდიდატები. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა, შეთავაზებაზე უარი თქვა. ის აცხადებს, რომ დებატებში დაჯდომა არ სურს რომელიმე კონკრეტულ ტელევიზიაში.


"მე არ მინდა, უბრალოდ, რომ მხოლოდ ერთ ტელევიზიაში იყოს, დახურულ სივრცეში, ხომ გესმით. მე მინდა, რომ იყოს ღია ყველასთვის, მისადგომი, ყველა რომ შეიძლება შემოვიდეს, რომ არავისთვის იყოს დახურული ან კარი დაცული. მინდა, რომ იყოს ბევრი ტელევიზია ერთად, რეგიონული და ეროვნული", – განაცხადა სანდრა რულოვსმა.


"ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბში კი აცხადებენ, რომ მიესალმებიან საქართველოს პირველი არხის შეთავაზებას და წუხილს გამოთქვამენ, რომ ოპონენტები უარს ამბობენ ამ ფორმატზე.


"ჩვენ მივესალმებით საქართველოს პირველი არხის შეთავაზებას, რომ გაიმართოს დებატები. ეს არის ცივილური ფორმა, რომელიც აპრობირებული და მიღებულია ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, სადაც იქნება დებატი იმაზე, თუ ვინ რას მოუტანს ამ ქალაქს, ვინ რა პროგრამით მოდის. ვის რა შესაძლებლობები აქვს იმისათვის, რომ განავითაროს ეს ქალაქი და კიდევ უკეთესი გახადოს.


გასაგებია, რომ ქალბატონი სანდრა მიყვება სააკაშვილის მაგალითს, ეს მოსალოდნელიც იყო. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საქმიანი დებატისთვის, რომელიც მიმართული იქნება ზუგდიდის საკეთილდღეოდ", – განაცხადა გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პირველმა არხმა ზუგდიდის მერობის კანდიდატები დებატებში მონაწილეობისთვის მოიწვია. "მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოს პირველი არხი მუდმივად უთმობს დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს.


დეპუტატობის კანდიდატებს შორის სამჯერ გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14-მა კანდიდატმა, "მოამბის" მთავარ გამოშვებაში კი ათ-ათი წუთი დაეთმო 15 კანდიდატს.არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მომავალშიც ყოველდღიურად დაეთმობათ დრო "მოამბის" მთავარ გამოშვებებში.


ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხი კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში მონაწილეობისთვის ზუგდიდის მერობის კანდიდატებს და პასუხისმგებლობას იღებს, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ თანაბარ პირობებში გააცნონ საკუთარი პოზიცია ამომრჩევლებს.


იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, საქართველოს პირველი არხი სთხოვს ზუგდიდის მერობის კანდიდატებს, უახლოეს ორ დღეში გვაცნობონ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რათა დროულად შევძლოთ გადაცემის დაგეგმვა და დებატების თარიღის და ფორმატის შეთანხმება მონაწილეებთან", – აღნიშნულია საქართველოს პირველი არხის შეთავაზებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930