6-02-2018
გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ Die Zeit-ში („დრო“) გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მას ჟურნალისტმა შტეფან დობერტმა ჩამოართვა უკრაინის დედაქალაქში ყოფნის დროს.
პუბლიკაციის შესავალში მოკლედაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის ბოლო წლების პოლიტიკური ბიიგრაფია: „საქართველოში მისი პრეზიდენტობის ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით კენჭს ვეღარ იყრიდა. ამიტომ იგი, როგორც უკვე ცნობილი რეფორმატორი, თავისი ძველი მეგობრის, პრეზიდენტად ახლადარჩეული პეტრო პოროშენკოს მიწვევით (ისინი ერთად სწავლობდნენ კიევის უნივერსიტეტში) უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტმა მას ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, სადაც მის მთავარ ამოცანას კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენდა. მაგრამ 2016 წლის დამლევს ორი ძველი მეგობრის ურთიერთობა მტრობაში გადაიზარდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მეთაური და მისი გარემოცვა კორუმპირებულობაში დააადანაშაულა. კონფლიქტი მათ შორის უკიდურესად გამწვავდა...“.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
- რამდენად არის მოსალოდნელი, რომ თქვენი პოლიტიკური მისია უკრაინაში ჩავარდეს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ოლიგარქების ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეიძლება ჩამოიშალოს, ვისურვებდი ეს მოხდეს ვადამდელი არჩევნების გზით. მე არ ვესწრაფვი უკრაინის პრეზიდენტობას, ჩემი ბრძოლის მიზანია რეალური გარდაქმნების განხორციელება.
- თქვენ უკვე იყავით პრეზიდენტი საქართველოში მთელი ცხრა წლის მანძილზე. რას ფიქრობთ უკრაინის მომავალზე?
- უკრაინა უმსხვილესი ქვეყანაა ევროკავშირსა და რუსეთს შორის რეგიონში. აქ მიმდინარეობს ბრძოლა დემოკრატიული მომვალისათვის. ეს არის ჩემი ბრძოლის მიზანი. კიევი ჩემთვის მშობლიური სახლივითაა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჩამოვედი აქ სასწავლებლად. როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში ოლიგარქებმა შეძლეს სასამართლო სისტემით მანიპულირება, ზეგავლენა მოახდინეს არჩევნებზე... მათ ბევრი ფული აქვთ, ამიტომ გადაწყვეტილებებს ყიდულობენ.
- საქმეს ისეთი პირი არ უჩანს, რომ შეძლოთ ხელისუფლებისთვის ბრძოლა მოუგოთ თქვენს ყოფილ მეგობარს პეტრო პოროშენკოს. სავარაუდოდ, მალე მოხდება თქვენი დეპორტირება საქართველოში...
- ჩემი დაბრუნება სამშობლოში, თუნდაც არა დაკავებულის სახით, იქ აუცილებლად არეულობას გამოიწვევს. ქართველთა დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან ჩემი დევნის პოლიტიკურ მოტივებს.
- საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო შეთანხმებული არიან თქვენს ექსტრადიციაზე. ქართული სასამართლოს განცხადებით, თქვენ საქართველოში მომხდარი მკვლელობის საქმის თანამონაწილე ხართ....
- ის ადამიანები, რომელნიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ არჩევნებში ჩემი გუნდის დამარცხების შემდეგ, ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. აი, რატომ შეამოწმეს ჩემი საბანკო ანგარიშები, რატომ ეძებდნენ ფარულ ვილებს, ჩემს არარსებულ ანგარიშებს ოფშორულ ზონებში გადამალულ, გადაუხდელ გადასახადებს. მაგრამ რადგანაც საბოლოო ჯამში ვერაფერი იპოვეს, ბრალი კანონის დარღვევაში დამდეს.
- თქვენ გაბრალებდნენ თანამონაწილეობას ყოფილი ბანკის მოხელის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში...
- რა სისულელეა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან მე არანაირი შეხება არ მქონია, ამაში მე არც არავის დავუდანაშაულებივარ. საუბარია შეწყალების უფლებაზე, რომელიც მე, საქართველოს პრეზიდენტმა გამოვიყენე. თუმცა ეს ბრალდება მოულოდნელად უკან თავად შეუბრუნდათ, როგორც პრეზიდენტის კანონიერი უფლების - შეწყალების უფლების შეზღუდვის ფაქტი, რაც მათი მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. მე ბარგი უკვე შეკრული მაქვს ციხეში ჩასჯდომად სამწლიანი ვადით. ამას, ცხადია, ხუმრობით ვამბობ. მე საერთო ჯამში 133 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე შევიწყალე, რის უფლებაც, როგორც პრეზიდენტს, მე მქონდა. მაგრამ ხომ უნდა დავესაჯეთ რაიმესათვის?
- არ გაშინებთ საქართველოში თქვენი შესაძლო ექსტრადიცია?
- ეს რისკიანი ნაბიჯი იქნება პეტრო პოროშენკოსთვის - პრობლემები მას ისედაც ბევრი აქვს უკრაინაში.
- მაგრამ იქნებ გადაჭარბებით აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს? საერთო ეროვნული გამოკითხვით, უკრაინელების 10% პროცენტი პეტრო პოროშენკოს უჭერს მხარს, პოპულარული პოლიტიკოსების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფთა მხარდამჭერების რიცხვი კი 7,3%-ს არ აღემატება....
- 2017 წელს უკრაინის ქუჩებში არანაკლებ 50 ათასი კაცი გამოვიდა კორუფციის წინააღმდეგ. ეს ჩემი მხარდამჭერებია.
- კრიტიკოსები თქვენზე ამბობენ, რომ განდიდების მანიით ხართ შეპყრობილი....
- ეს არაერთხელ მსმენია. მაგრამ მე გიჟი არა ვარ. უბრალოდ, უცხო ფრინველობა რომ მსურდეს და ვხალისობდე, სხვა გზას მოძებნიდი. მაგრამ მაშინ ამდენი ადამიანი არ აღმიქვამდა სერიოზულად.
(...)
- რატომ არ დარჩით შეერთებულ შტატებში?
- მე ამერიკაში სამუშაო ვიზით ვიყავი წასული და რამდენიმე შემოთავაზება მქონდა იქ სამუშაოდ დარჩენის თვალსაზრისით, მაგრამ არ შემიძლია შეზლონგზე ვიკოტრიალო ამერიკაში და შორიდან ვუყურო, როგორ ინგრევა უკრაინა.
- და რას გააკეთებთ? თქვენ ხომ უკვე უკრაინის მოქალაქეც კი აღარა ხართ?
- მე უკვე საქართველოს მოქალაქეც აღარ ვარ და ახლა, როცა უკრაინის მოქალაქეობაც ჩამომართვეს, მოქალაქეობის არმქონე პირი აღმოვჩნდი. ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა. მე, რომელიც ევროპის სახელმწიფოს [საქართველოს] ყოფილი პირველი პირი ვიყავი თითქმის ათი წლის მანძილზე, ახლა ვარ პირველი მოქალაქეობის არმქონე პირი ყოფილ სახლმწიფო მეთაურებს შორის. პასპორტი ჩავაბარე და ერთადერთი, რაც დავიტოვე, არის ბინადრობის უფლება უკრაინაში. მაგრამ მე ვერ შევძლებ ამ საბუთით შევიძინო მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთიც კი.
- თქვენ ოჯახი გყავთ, შვილები. როგორ უძლებენ ისინი ამ სიტუაციას?
- რასაკვირველია, ნერვიულობენ... მაგრამ ჩემი ვაჟი ამაყობს ჩემით და ჩემი საქმეებით. მეუღლე ნიდერლანდებში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად ჩამოდის ჩემთან, კიევში და გვერდში მიდგას.
წყარო: „Die Zeit“ (გერმანია)