გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ

13-05-2019

ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თეა წულუკიანმა და „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.
„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას. რეაბილიტაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან ჩვენ 130 პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმარებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს, რაც ხელს შეუწყობს მასტიგმატიზებელი ნიშნებისაგან გათავისუფლებას და მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. 

ყოფილ პატიმრებს სხეულზე გაკეთებული ნახატები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხელს უშლის საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, მათ უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულნი, განიცდიან დისკომფორტს. სწორედ ამის გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან საგრანტო პროგრამის საშუალებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს ტატუს მოცილების უფასო სერვისს სთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა.

წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს. 
ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამაში ჩართულნი არიან ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930