გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაციას მხარი დაუჭირეს

14-05-2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლითაც ხდება ე.წ. "ქუჩური გარჩევის" კრიმინალიზაცია.


კანონპროქტის თანახმად, დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.


აღნიშნული დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


კანონპროექტით დასჯადი გახდება, ასევე, დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა ანდა თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა.


დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სრულწლოვანის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.


მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, დავის უკანონო განხილვა/გადაწყვეტა - ე.წ. "ქუჩური გარჩევა" სრულიად ახალი დანაშაულია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს ემატება.


"ამ მუხლში ჩამოთვლილია დანაშაულის ჩადენის ხერხება, რომელიც ცალკე აღებული სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის მიზანი ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად განსხვავებული, გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეთავაზებინა სპეციალური შემადგენლობა 2261 მუხლის სახით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს დაფიქსირდა 300-მდე დანაშაული - ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები, მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, რომელსაც წინ უძღოდა ე.წ. "ქუჩური გარჩევა".


"ამ კანონპროექტით, პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ იმას, რომ თავიდან ავირიდოთ დანაშაულის უფრო მძიმე შემთხვევები, ჯანმრთელობის უფრო მძიმე დაზიანებები, მკვლელობის მცდელობები იმ გზით, რომ ადრეულ ეტაპზე, რა ქმედებაც ამ ტიპის დანაშაულებებს წინ უძღვის, ეს ქმედებები დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით," - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ის, ვინც ჩაიდენს 2261 მუხლით (დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება) გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.


კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.


კანონპროექტი მიზანია, ხელი შეუწყოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნულის მიღწევის მთავარ ინსტრუმენტად, შემოთავაზებულია მოძალადეთათვის უფლებების ჩამორთმევა. ასევე, პროექტით იქმნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრი.


მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით შემოდის სრულიად ახალი კანონი "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ".


"ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის ის თავი, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ რამდენიმე მუხლს აერთიანებს და ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ამ დანაშაულის პრევენცია გავხადოთ უფრო ეფექტიანი, ვიდრე ეს აქამდე იყო. ასევე, პრევენცია მოვახდინოთ როგორც დანაშაულის ჩადენამდე ახალი ინსტრუმენტების შემოღების გზით, ასევე ჩადენის შემდეგ - მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას დამატებითი ინსტრუმენტების შემოღების გზით, როგორიც არის მაგალითად, ამ ადამიანების პერიოდული მონიტორინგი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან და გარკვეული აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება გარკვეულ დაწესებულებებში დასაქმებასთან მიმართებით. მაგალითად, მასწავლებელს, რომელიც გასამართლდება 137 ან 139 მუხლით, რომელიც გაუპატიურებას გულისხმობს, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს როგორც ნასამართლობის შემთხვევაში, ასევე სასამართლოს მხრიდან კონკრეტული უფლებების ჩამორთმევის შემთხვევაში", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


კომიტეტის წევრებმა განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის სხდომაზე, ასევე პირველი მოსმენისთვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტები: "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".


საკანონმდებლო პაკეტი შემუშავებულია იმისთვის, რომ დაიხვეწოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები, რათა სამართალდამცავ ორგანოებს გაეზარდოთ შესაძლებლობა სრულყოფილად და ახალი მეთოდების გამოყენებით აწარმოონ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. შედეგად, ნავარაუდევია არა მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული ერთი კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არამედ მთელი დანაშაულებრივი ჯგუფის, განსაკუთრებით კი დანაშაულზე პასუხისმგებელი მთავარი სუბიექტების, იდენტიფიცირების ზრდა და მათდამი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.


"კანონპროექტის მიზანია, რომ კანონმდებლობის დონეზე სამართალდამცავ ორგანოებს ქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ნივთიერი მტკიცებულებები ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან ყალბი, სიმულაციური საგნით, დოკუმენტით ან ნივთიერებით იმისთვის, რომ ძირითადი მიზანი-ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გახდეს უფრო ეფექტური და საკანონმდებლო დონეზე შემოვიტანოთ იმგვარი ჩანაწერები, რასაც გაეროს კონვენციები ამ სფეროში და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა ითვალისწინებს",-განაცხადა პროექტის წარდგენისას ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით პროექტის მიზანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გააქტიურება და საჭიროა კანონმდებლობის დონეზე ისეთი მექანიზმების შემუშავება, რაც შესაძლებელს გახდის დანაშაულებრივი ჯგუფის მთავარ სუბიექტზე გასვლისას ისე, რომ არ შეიქმნას აკრძალული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მოხვედრის რისკები.


მომხსენებლის განცხადებთ, საკანონმდებლო დონეზე დაიხვეწება კონტროლირებადი მიწოდება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დეფინიცია და შეიქმნება იმის შესაძლებლობა, რომ ღონისძიების ჩატარების დროს იყოს ნივთიერი მტკიცებულების ჩანაცვლების შესაძლებლობა საკანონმდებლო დონეზე.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროექტით იხვეწება, ასევე, საკონტროლო შესყიდვის დეფინიცია. მომხსენებელმა კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" თანმდევ პროექტთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა წარადგინა.


კანონპროექტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოების (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახური, შსს, სუსი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სამსახურიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ აგრეთვე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახური პერიოდი. ამასთან, კანონის მე-16 მუხლში სწორდება ტექნიკური ხარვეზი და სიტყვა "პენსია" იცვლება "კომპენსაციით", ვინაიდან სხვადასხვა უწყებაში ნამსახური პერიოდის ჩათვლა ხორციელდება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის.


კომიტეტმა "მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. "მედიაციის შესახებ" კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს. კანონის პროექტით წესრიგდება მედიაციის პროცესთან, მედიატორის არჩევა/დანიშვნასთან, მედიატორის შერჩევისას გასათვალისწინებელ გარემოებებთან, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასა და საქმიანობის შეზღუდვასთან, მედიაციის დაწყებასა და წარმართვასთან, მედიაციის დასრულებასთან და მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მედიაციის ასოციაციის შემადგენლობასა და ფუნქციებთან, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოსთან, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და მედიატორთა ასოციაციის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.


მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, გამოითქვა მოსაზრებები, რომელთა პროექტში ასახვასთან დაკავშირებით შეთავაზებები დღევანდელ განხილვაზეა წარმოდგენილი. "დიდი ნაწილი წერილობით წარმოდგენილი შეთავაზებებისა სრულად იქნა განხილული და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კანონპროექტში იქნა ასახული," - განაცადა მიხეილ სარჯველაძემ.

მესამე მუხლთან დაკავშირებით, პროექტში გათვალისწინებული იქნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინადადება "თვითგამორკვევის უფლებასთან" დაკავშირებით. "ვფიქრობთ, რომ აღნიშნულს შესაძლოა მოიცავდეს სხვა პრინციპებიც, მაგრამ მეტი სიცხადისთვის უმჯობესია, დაკონკრეტდეს და შესაბამისად, ტექსტში მესამე მუხლში, ერთ-ერთ პრინციპად შევიტანეთ "თვითგამორკვევის უფლება", - განაცხადა მომხსენებელმა.


პროექტის ავტორებმა ასევე გაითვალისწინეს განხილვების დროს მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებთან დაკავშირებული მოსაზრებები მედიატორის არჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების საბოლოო ფორმულირებები შეჯერდება და პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის იქნება წარმოდგენილი.


მიხეილ სარჯველაძის თქმით, პროექტის მე-10 მუხლთან დაკავშირებით გაზიარებულია მოსაზრებების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ის მოსაზრებები, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ იყო გამოთქმული. მიხეილ სარჯველაძემ ასევე განმარტა, რომ დამატებულია ახალი პუნქტი, რომელიც მედიაციის დაწყებამდე მედიატორის მიერ კონფიდენციალობის დაცვისა და მისი ფარგლების შესახებ ვალდებულებას ითვალისწინებს.


კომიტეტის სხდომაზე, პროექტის მუხლობრივი განხილვისას, გამოითქვა რეკომენდაციები და მოსაზრებები კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით.

"გარკვეულ საკითხებზე რომელთან დაკავშირებითაც დღესაც იყო მოსაზრებები გაჟღერებული და კვლავ მიდის დისკუსია და შესაძლებელია იყოს სხვა, დამატებითი ცვლილებებიც და ეს ცვლილებები ძირითადად პროცედურულ ნაწილს გულისხმობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


"არის საკითხები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია პოზიციები შევაჯეროთ პლენარულ სხდომამდე და თუ რამე დასაზუსტებელია კიდევ ვიმსჯელოთ. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია და ჩვენ იმ დათქმით ვუყრით კენჭს, რომ ის პოზიციები, რაც გაჟღერდა, პლენარულ სხდომამდე კიდევ შეჯერდება", - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.


სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მიხეილ სარჯველაძემ მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა კომიტეტს ასევე "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონპროექტი.


საკითხის კანონპროექტის მიღებით 6 კატეგორიის ის ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.


მომხსენებლის განცხადებით, მეორე და მესამე მოსმენის რეჟიმში, გარკვეული რედაქციული და ტერმინოლოგიური საკითხები, რაზეც დისკუსია მიმდინარეობს, იურიდიულ დეპარტამენტთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციების რეჟიმში დაზუსტდება.


კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031