14-05-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.
მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს დემოკრატიის კუთხით.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, საქართველო არის 100 პროცენტით ევროპული ქვეყანა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომლის მიღწევები მისასალმებელი და თვალშისაცემია.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებს მეტს.
საუბრისას ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. ამის დასტურია ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის შექმნილი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გასული წლიოს ნოემბერში შედგა.
მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისში "ევროპული სკოლის" გახსნა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული დონის განათლების მიღების საშუალებას მისცემს.
მამუკა ბახტაძისა და ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
13-01-2025