გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მეტროს ევროპული სტანდარტების 40 ვაგონი დაემატება

15-05-2019

დედაქალაქის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონებს შეისყიდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დედაქალაქის მოქმედი მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ 2018-2019 წლებში, ამ მიმართულებით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტია. 

„სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს არ შემიძლია, არ შევეხო მეტროში არსებულ მდგომარეობას. მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის მიზნით, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული და სექტემბრისთვის კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება, თუმცა „მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროულად უნდა ვიზრუნოთ ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური წინადადებები უნდა მოგვიმზადოს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ვაგონების შესყიდვა. მხედველობაში მაქვს ევროპული, მაღალი სტანდარტის მქონე მეტროს ვაგონების შესყიდვა. ამ თემაზე პირადად მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ამასთან, მთავრობის სხდომაზე, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მეტროსადგურების სრული რეაბილიტაციის გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სადგურების რეაბილიტაციის დაწყებამდე, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა ჩატარდება. 

„მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა მიმდინარეობს. ამის შემდეგ დეტალური პროექტირება მოხდება. ვიცით, რომ ეს დროში ცოტა გახანგრძლივდა, თუმცა იმისთვის, რომ არ მივიღოთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავსი შემთხვევა, საფუძვლიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენ მიერ ხდება თანმიმდევრულად და სწორად მოქმედება - სადგურების კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობის შესწავლა. ამის შემდეგ მოხდება პროექტირება და სამუშაოები შესრულდება. თითოეულ ეტაპზე,საექსპერტო სამუშაოები ჩატარდება. ეს კი გარკვეულ დროსთან და დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტის რეაბილიტაციის დროს, შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მივყვებით, როგორც წესი და თანმიმდევრობა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031