გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ქვეყნდება გარკვეული ჩანაწერები

16-05-2019

"სამწუხაროდ, ემოციები ჭარბობს ახლა ზუგდიდში. თუ ვინმეს ინტერესშია მშვიდი, მშვიდობიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეინარჩუნონ თავად სიმშვიდე და არ უზრუნველყონ ხელოვნურად ვითარების ესკალაცია - ეს არ შედის სამართლიანი, მშვიდი და მშვიდობიანი არჩევნების ინტერესებში",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, მათი საერთო ამოცანა, ვინც პოლიტიკურ პროცესებს პასუხისმგებლობით ეკიდება, უნდა იყოს მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.


გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს პასუხი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების წინ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ტრადიცია უნდა დასრულდეს.


"ეს ფარული ჩანაწერები იქცა ჩვენი არჩევნების, სამწუხაროდ, "ლამაზ ტრადიციად". ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ქვეყნდება გარკვეული ჩანაწერები. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და ამ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდოთ ჩვენ, რომ ჩაეძიონ ამ ინფორმაციას, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია. რამდენად არის საუბარი იქ ისეთ ფაქტებზე, რომელსაც სინამდვილეში შეიძლებოდა, ჰქონოდა ადგილი. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ამ ყველაფერს პასუხი. თუმცა, ეს "ლამაზი ტრადიცია" ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს", - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.


მისივე შეფასებით, ზუგდიდში არაფერი არ ხდება ისეთი, რამაც ვინმეს ასეთი აგრესიის გამოვლენის საბაბი შეიძლება მისცეს. ირაკლი კობახიძემ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


"თქვენ ხედავთ, რომ წარიმართებოდა აბსოლუტურად სწორ გარემოში, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში, მშვიდობიან გარემოში, თუმცა როგორც ჩანს, მიუვიდათ გარკვეული კვლევის შედეგები "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს და მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი. არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს საბაბიც კი მისცეს ასეთი აგრესიის გამოვლენისთვის. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930