გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილმა და გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონის მოსახლეობას მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტები გააცნეს

17-05-2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების - საზანოს,ზოვრეთისა და შროშის მოსახლეობას შეხვდა.


მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნო, რაც რეგიონში და კონკრეტულად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში განხორციელდება.


მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 15 სკოლის და 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, მალე დასრულდება წყლის სისტემის მოწესრიგება.

"ზესტაფონში რეგიონული განვითარებისთვის 5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი გვაქვს განსაზღვრული, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 15 სკოლის და 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გვაქვს გზების დეპარტამენტის 15-მდე პროექტი და ამდენივე იგეგმება წლის განმავლობაში",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმერეთის რეგიონისთვის 60 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

ზესტაფონის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, საზანოში წელს ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის საბავშვო ბაღი აშენდება.


"უკვე არსებობს პროექტი და სამუშაოთა ნუსხაში ჩასმულია 2 სოფლის - ტყლაპივაკისა და ზოვრეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ასევე, საზანოში აშენდება საბავშვო ბაღი, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის ბაღებს შორის ერთ-ერთი თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის იქნება. ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.


ასევე, მაია ცქიტიშვილმა სოფელ შროშის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა ხევი-არგვეთის ავტობანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ იქ დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.


ახალი გზის მონაკვეთზე გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930