19-05-2019
"ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქტიურად მიდიან საარჩევნო უბნენბზე და საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ" - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა, მხარდამჭერებს კიდევ ერთხემ მოუწოდა აქტიურობისა და თავიანთი არჩევანის დაფიქსირებისკენ.
"მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს ყველა საარჩევნო ოლქში, ვმობილიზდეთ და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. შესაძლო პროვოკაციების მიუხედავად, მშვიდად,მშვიდობიანად მივიყვანოთ პროცესი გამარჯვებამდე.
განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს თბილისელებს, ჩემს მთაწმინდელებს, მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, რათა მთაწმინდაზე არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულოთ. ამისთვის, თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს" - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აქტივს, გაწეული საქმისთვის და აღნიშნა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი. მათ ჩვეულ რეჟიმში, მშვიდობიანად საქმის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
"რაც შეეხება ე.წ.. ფოტოსურათებიან სიებს, რომელსაც ცესკო ყველა პარტიას ურიგებს, ის რა თქმა უნდა პირად ნომერს არ შეიცავს და მისი გამოყენება საარჩევნო კოდექსის თანახმად, სრულიად კანონიერია!
ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს აქტივს,ჩვენს თანაგუნდელებს, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, იმუშავეთ მშვიდად, ღიად და თავისუფლად. თუკი ვინმე ხელის შეშლას ეცდება, მიმართეთ შესაბამის სამსახურებს.
მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, გავაკეთოთ მობილიზაცია და სულ მალე, კიდევ ერთხელ, ღირსეულად გავიმარჯვებთ " - განაცხადა თბილისის მერმა.