გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საია: ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა

19-05-2019

დღის 20:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა.


ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნახევრის ნეგატიური ტენდენცია: დაძაბული გარემო ზუგდიდის ოლქში და ამომრჩევლის ნების კონტროლი, ყველა სხვა ოლქის მასშტაბით, რომელიც საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში გამოიხატებოდა.


საიას ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ამ ფონზე შემაშფოთებელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს.


ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს.


საიაში განმარტავენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, გიორგი კაპანაძის დაკავება. როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას.


საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს, კვლავ არსებობს ტექნიკური პრობლემები, რის გამოც, გარკვეული ხნის განმავლობაში, 2 უბანში შეჩერებული იყო ხმის მიცემის პროცესი.


14:00 საათის შემდეგ საიამ საარჩევნო ადმინისტრაციას ერთი საჩივრით მიმართა, რომელიც ზუგდიდის ოლქის #83 უბანზე განმეორებით ხმის მიცემას შეეხებოდა (სულ ამ დრომდე საიას 7 დარღვევაზე აქვს წარდგენილი საჩივარი).


საიას დამკვირვებლები რჩებიან შესაბამის უბნებზე და თვალყურს ადევნებენ ხმის დათვლის პროცესს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930