გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კენჭისყრის პროცესი დასრულდა

19-05-2019

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.
„ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი - კომისიის წევრები ითვლიან ბიულეტენებს. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობას და რომ უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირმა დაუბრკოლებლად შეძლოს აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება“,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
მისივე თქმით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია:
თბილისის № 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 34.27%
მარნეული: 35.82 %
ზესტაფონი: 57.03 %
ჭიათურა: 43.26 %
ზუგდიდი: 46.88 %
ხულო: 58.21%
აქტივობა იმ საარჩევნო უბნების მიხედვით, სადაც ტარდება საკრებულოების შუალედური არჩევნები:
საგარეჯო: 74.56 %
ახმეტა: 50.57%
ადიგენი: 56.41%
ტყიბული: 39.85%
წყალტუბო: 52.05%
ოზურგეთი: 45.45%.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ არჩევნების მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს დაუყოვნებლივ, მიღებისთანავე გაასაჯაროვებს სპეციალური ვებ-გვერდის (results.cec.gov.ge) საშუალებით და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს „Facebook“-გვერდზე, „Youtube“-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
“მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც სხვადასხვა ოლქში ტარდება და არა მთელს საქართველში, კონკრეტული ოლქების პირველადი წინასწარი შედეგების გამოცხადება შესაძლებელი გახდება მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ოფიციალური, რეპრეზენტატული რაოდენობის ოქმების შემოსვლის შემდეგ. ცესკო შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია წინასწარი შედეგების შესახებ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, საუბნო შემაჯამებელი ოქმები შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე.
უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ინფორმაციას შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებიდანვე სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებენ. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია დაელოდოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ მონაცემებს და მხოლოდ ოფიციალური შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დათვლილ პირველად, წინასწარ შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას.
როგორც მოგეხსენებათ, წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი. აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი ხელმისაწვდომია როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას. კენჭისყრის პროცესის შესახებ შემოსულია ჯამში 89 საჩივარი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში. მათ შორის, მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში - 6, ხულოში - 16, ზუგდიდში- 44, ოზურგეთში - 1, ხოლო თბილისის №1 საარჩევნო ოლქში ასევე 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული კომისიების მიერ.
გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა 209 ზარი, ონლაინ ჩათში კი 56 შეტყობინება. მათი უმეტესობა შეეხებოდა ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებას, დამკვირვებლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930